საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად და მხარდასაჭერად, სოლიდარობის აქცია გაიმართა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საკანონმდებლო ორგანოდან აცნობეს, პარლამენტის წევრებმა და თანამშრომლებმა დაზარალებულთა ოჯახებისთვის პირველადი და გადაუდებელი საჭიროების ნივთები, მათ შორის, ქალის, მამაკაცის და ბავშვის ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და პირადი ჰიგიენის საშუალებები; საკვები პროდუქტები, მათ შორის, ჩვილებისთვის და მცირეწლოვანი ბავშვებისთვის; წამლები, წნევის და შაქრის საზომი აპარატები; საყოფაცხოვრებო და სხვა აუცილებელი ნივთები შეაგროვეს და შემდგომი განაწილებისთვის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის თხოვნით, საბურთალოს რაიონის გამგეობას გადასცეს.
"საქართველოს პარლამენტი სამძიმარს უცხადებს სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს და მადლობას უხდის პარლამენტის წევრებს და აპარატის თითოეულ თანამშრომელს სოლიდარობის აქციაში მონაწილეობისთვის და სტიქიით დაზარალებულთა თანადგომისა და დახმარებისთვის", - ნათქვამია განცხადებაში.