თბილისის სხვადასხვა უბნებიდან, მათ შორის სტიქიის ადგილებიდან აღებულია სასმელი წყლის სინჯები ლაბორატორიული კვლევებისთვის და წყლის ნიმუშების აღება მომავალშიც გაგრძელდება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში საგანგებიო შტაბის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით სისტემატურად მოხდება მომავალშიც სასმელი წყლის ვარგისიანობაზე დაკვირვება.
ამასთან, პრემიერ-მინისტრმა "მზიურში" საძიებო საქმიანობაში ჩართულ მაშველებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ "მზიურში" მიმდინარე საძიებო საქმიანობებში მეხანძრე-მაშველთა 300-კაციან და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 200-კაციან ჯგუფთან ერთად აქტიურად მონაწილეობდნენ მოხალისეები, რომელთა რცხვი 600-ზე მეტია. ღარიბაშვილის ცნობით, სამუშაოებში ჩართულია ეროვნული გვარდია, დაახლოებით 450 ჯარისკაცით.
პრემიერის განცხადებით, სამუშაოებში ჩართულია რამდენიმე ერთეული სამშენებლო ტექნიკაც. "რამდენიმე ერთეული სამშენებლო ტექნიკა შეყვანილია ყველა უბანზე, სადაც ამის საშუალება გვაქვს ვმუშაობთ აქტიურად. ადგილზე მოხალისეთა ორგანიზებას ახორციელებენ მერიის კოორდინატორები. ასევე ადგილზე მისული ადამიანებისგან იქმნება ოცეულები, რომელთა გადანაწილება ხდება კონკრეტული ობიექტების - სახლების მომართულებით", - განაცხადა ღარიბაშვილმა.