"მზიურის" ტერიტორიაზე მომუშავე მოხალისეები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ დალოცა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი "მზიურის" ტერიტორიაზე იმყოფებოდა, სადაც მოხალისეებისა და სამხედრო ნაწილების მიერ ტერიტორიის დასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობს.
პატრიარქი, სასულიერო პირებთან ერთად, სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს გაეცნო და მოხალისეები დალოცა.
პატრიარქს "მზიურის" ტერიტორიაზე კომენტარი არ გაუკეთებია. იგი ხილიანზე გაემართა, სადაც წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძარში, სტიქიის შედეგად ერთ-ერთი გარდაცვლილია დასვენებული.
კომენტარი გააკეთა გორისა და ატენის მიტროპოლიტმა, მეუფე ანდრიამ. მეუფის განცხადებით, დღეს სტიქიის შედეგად რამდენიმე გარდაცვლილი დაიკრძალება. მეუფემ აღნიშნა, რომ უწმინდესმა რამდენიმე ოჯახს მიუსამძიმრა. ყველა მიცვალებულის ოჯახში გაიგზავნა სასულიერო პირი.
ამასთან, საპატრიარქოს წარმომადგენლები, სასულიერო პირები მივიდნენ იმ სასტუმროებში, სადაც სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებია.
მიტროპოლიტმა ანდრიამ საუბრისას ასევე განაცხადა, რომ როდესაც მოხდება სტიქიით დაზარალებულთა ზუსტი აღრიცხვა, საპატრიარქო ყველა დაზარალებულს დაეხმარება, ყველა მათგანზე განაწილდება დახმარება, რომელიც საპატრიარქოში გროვდება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საპატრიარქოდან აცნობეს, ხილიანზე, წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრიდან უწმინდესი ვარკეთილში, წმინდა გიორგის ტაძარში მიბრძანდება, სადაც ასევე სტიქიის შედეგად გარდაცვლილია დასვენებული.