თბილისში, კოსტავას ქუჩის შესახვევში ვეფხვის ძებნა უშედეგოდ დასრულდა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძახების საფუძველზე ადგილზე გასულმა სპეცრაზმელებმა მტაცებელს ვერ მიაგნეს. აღნიშნულ მისამართზე მაშველები 112-ში შესული შეტყობინების საფუძველზე გავიდნენ. მოქალაქე იტყობინებოდა, რომ მტაცებელი ცხოველის ღრიალის ხმა ჩაიწერა. სამართალდაცველები ჩანაწერთან დაკავშირებით მოკვლევას აწარმოებენ.
ვეფხვს ვერ მიაგნეს ვერც პეკინის ქ. #4-ში. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა ადგილზე მუშაობა უკვე დაასრულეს და ტერიტორია დატოვეს.
ერთ-ერთმა მცხოვრებმა 112-ს შეატყობინა, რომ აღნიშნულ მისამართზე ვეფხვი დაინახა, რის შემდეგაც ტერიტორია სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა შეამოწმეს.
ცოტა ხნის წინ უშედეგოდ დასრულდა ძებნა ცინცაძის ქუჩაზეც, სადაც ასევე მტაცებელს ეძებდნენ. ცინცაძის ქუჩაზე სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა ზოოპარკიდან გაქცეული მტაცებელი ვერ აღმოაჩინეს.
არსებული ინფორმაციით, ”ლაგუნა ვერესთან” ვეფხვის ლიკვიდაციის შემდეგ, ზოოპარკიდან დაკარგულად კიდევ ერთი ვეფხვი ითვლება.