საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დღეს მოხდა საშინელი, საზარელი ფაქტი. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა საგანგებო თათბირზე განაცხადა, ეს იყო ტრაგიკული შემთხვევა. ვეფხვმა, რომელიც ზოოპარკიდან გაიქცა, ადამიანი დაგლიჯა, რომელიც სამწუხაროდ, გარდაიცვალა.
"ეს არის აღმაშფოთებელი, საზარელი ფაქტი. მე შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ, დღის, ბოლოს, როდესაც საგანგებო შტაბის სხდომა მიმდინარეობდა, საგანგებო შტაბის მიერ მომზადებულ ანგარიშში მე ვთქვი და გავიმეორე ის ინფორმაცია, რომელიც მოწოდებული იქნა საგანგებო შტაბის მიერ.
თავის მხრივ, საგანგებო შტაბი დაეფუძნა ზოოპარკის ადმინისტრაციის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, იმის თაობაზე, რომ მტაცებელი ცხოველები აღარ იმყოფებოდნენ ქალაქში და რომ საფრთხეს არ წარმოდგენენ მოსახლეობისთვის.
მიუხედავად ამ ყველაფრისა, მე, რა თქმა უნდა, ვგრძნობ ძალიან შეწუხებულად თავს, მე მინდა საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო ამ არასწორი ინფორმაციის გავრცელებისთვის მიუხედავად იმისა, რომ ეს ინფორმაცია ეყრდნობოდა ზოოპარკის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას და წყარო იყო ზოოპარკის ადმინისტრაცია, თვითონ დირექტორი. მან არაერთხელ განუცხადა საგანგებო შტაბს, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ ეს ცხოველები აღარ იმყოფებოდნენ გარეთ. ამის მიუხედავად, მე მინდა მოგმართოთ შეკითხვებით, თავად განუმარტოთ მოსახლეობას, თუ რატომ მოხდა ეს. მიუხედავდ იმისა, თუ რა ინფორმაციას მოვისმენდით ჩვენ ზოოპარკის დირექტორისგან, მე მიმაჩნია, რომ ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ თუ რამდენი ცხოველი არის გარდაცვლილი, ნაპოვნი და ა.შ.
თუ სჭირდება დახმარება ზოოპარკის დირექტორს, მე გავალებთ, რომ დაეხმაროთ და თქვენ თვითონ აღრიცხოთ, დაადგინოთ, თუ რამდენი მტაცებელი ცხოველი არის დარჩენილი ზოოპარკში, რამდენი ითვლება დაკარგულად. სანამ არ დარწმუნდებით, რომ ესა თუ ის ცხოველი არის ან ლიკვიდირებული, ან დამხრჩვალი, ან სხვა, არ გაავრცელოთ ინფორმაცია, მიუხედავად ზოოპარკის დირექტორის მიერ გაკეთებული განცხადებებისა", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერმა მინდია ჯანელიძეს განმარტება სთხოვა, როგორ მოხვდა ის ინფორმაცია მის ხელში, რომელიც 2 დღის წინ გაავრცელა.
ასევე იხილეთ: მინდია ჯანელიძე საზოგადოებას ბოდიშს უხდის