"მეზობელმა დამიძახა, - ჩქარა, წყალი გვიახლოვდება, მე სახლის კიბეზე ვიდექი და მართლაც დავინახე, რომ წყალმა ჩვენამდეც მოაღწია, წყლით გაივსო იქაურობა, ბავშვს ეძინა, ვიყვირე, - ჩქარა, ადექი-მეთქი, საწყალი, ღამის პერანგიანად წამოხტა და გამოიქცა. მოვრბოდით და წყალი მოგვდევდა", - ამბობს ქალბატონი მაყვალა, რომელიც ჩიქოვანის 89-ში 40 წლის განმავლობაში ცხოვრობდა. ჰქონდა 1111 კვადრატული მიწის ფართობი და 100 კვადრატი სახლი. "აღარც სახლია, აღარც კარია და არაფერი, ერთი პიანინოღაა სადღაც კლდეზე მიყუდებული. არადა, ყველაფერი მქონდა, რაც ოჯახს სჭირდება: მაცივარი, ორი "სპალნა," ორი ტელევიზორი, რა არ მქონდა და ყვლაფერი წყალს გავატანე. ფულის, საბუთებისა და ოქროს აღებაც ვერ მოვასწარი. რომ დავინახე წყალი მოდიოდა, საბუთების აღებასა და ფულზე ვინ ფიქრობდა, გიჟებივით მოვრბოდით".
როგორც ქალბატონი მაყვალა ამბობს, 40 წლის შრომა წყალში ჩაეყარა. არაც სახლი, აქვს, აღარც მიწის ნაკვეთი და არანაირი ქონება.
- რას გეუბნებიან?
- ერთი სამი დღე ალბათ აქ, სასტუმროში იქნებით. მერე ქირით გაგიყვანთ, ყველაფერი კარგად იქნებაო. თუმცა მე არ ვიცი, რა როგორ იქნება. ძალიან დათრგუნული და შეწუხებული ვარ. ახლა ბავშვები და მეუღლე პასპორტების აღსადგენად წაიყვანეს. ხომ გეუბნებით, არაფერი გვაქვს. სახლი გოგონაზე (სოყურაშვილი ალა) იყო გაფორმებული.
- სხვა დროს თუ ყოფილა ასეთი საფრთხე?
- იმ ადგილზე წლები ვცხოვრობდი. მდინარე კი დიდდებოდა ხოლმე, მაგრამ ასე არასდროს.
- რა მანძილი იყო თქვენსა და მდინარეს შორის?
- ალბათ, 50 მეტრი. ადრე ხეხილის ბაღიც გვქონდა. ახალი გზა რომ გავიდა, ის ბაღი ჩამოგვაჭრეს. იმ წყალს კალაპოტი გაუკეთეს, მასზე ზემოდან გზა გადადის, წყალი კი გვირაბში შედის. კი ვამბობდი, დიდდება და საფრთხესაც ვხედავდი, მაგრამ ჩემს სიტყვას ყურადღებას ვინ აქცევდა?!
- ვის ეუბნებოდით?
- გამგეობიდან ვინც მოდიოდა, იმათ. ამას სხვებიც ამბობდნენ. ჩვენ სამი ოჯახი ვიყავით, ცოტა ზემოთ, რომ იმ გზას არც ვუშლიდით, მაგრამ ხომ გეუბნებით, მის გაყვანას ის მოჰყვა, რომ ცოტა ნაკვეთიც წარმართვეს. მოკლედ, რაც გამაჩნდა, ყველაფერი წყალმა ჩარეცხა.
- ვინ ხართ პროფესიით?
- პურის ქარხანაშიც ვმუშაობდი, რესტორანში მზარეულიც ვიყავი და მთელი ცხოვრება ვშრომობდი, ვაგროვებდი და იმას ვტირი ზუსტად, რომ ასე გამინადგურდა ყველაფერი. ორი შვილი მყავს - გოგო და ბიჭი. გოგო სოფელშია გათხოვილი, მაგრამ ახლა აქ იყო. რადგან ეძინა, თავისი ძვირფასი ოქროულობაც მოხსნილი ჰქონდა და ისიც, რა თქმა უნდა, წყალს გაატანა.
გასაკვირი ის არის, რომ იქაურობა წყლით ნელ-ნელა კი არა, უცებ აივსო, წყალი უცებ მოვარდა. წვიმის დროს ასე არასდროს ხდებოდა.
მეზობელს რომ არ დაეძახა, ჩქარა, წყალი გვიახლოვდებდაო, მე ალბათ ვერ მოვასწრებდი გამოსვლას.
- 112-ის თანამშრომლები არ დაგხმარებიან?
- იყვნენ ვიღაცები, მაგრამ გამოთიშული ვიყავი, არაფერი მახსოვს. თან, ხომ გითხარით, უცებ გამოვიქეცით ხილიანზე. ცოტა მაღალზე ამოვედით.
- თუ გახსოვთ, ეს საშინელება რამდენს ხანს გრძელდებოდა?
- ალბათ 20 წუთი, თუ ნახევარი საათი. მოვარდა, იბრძოლა, ყველაფერი წაიღო და მერე დაწყნარდა. თითქოს სპეციალურად ვიღაცამ გამოუშვა ის წყალიო. მოკლედ, ახლა სასტუმრო "ლევილში" გადმოგვიყვანეს. ორი ღამეა აქ ვართ. სტიქიის ღამეს ქუჩაში დავდიოდით.
- სამეზობლოში რამდენი დაზარალდით?
- სამი ოჯახი მთლიანად.
- მაგრამ ყველანი ცოცხლები ხართ, ხომ?
- კი, ქონება და სახლი დავკარგეთ. მეზობელმა - მანქანებიც.
ის წყალი რომ გენახათ, იმის ყურება საშინელება იყო. თან, მაშინ მოხდა, როცა წვიმა უკვე გადაღებული იყო, დაძინებას ვაპირებდი, ერთი გარეთ გავიდე, ვნახო, რა ხდება-მეთქი და კიბეზე ასულს, უკვე მუხლებამდე წყალი დამხვდა. იმ დროს მეზობელი მიყვიროდა, ჩქარა გამოდი, წყლის დიდი ნაკადი გვიახლოვდებაო.
ახლა ყველა მეუბნება, რადგან გადარჩით, ყველაფერი კარგად იქნებაო. არ ვიცი, რა იქნება, ძალიან მიჭირს ამ ყველაფერთან შეგუება...
ლალი ფაცია
AMBEBI.GE