გმირთა მოედანზე რამდენიმე ახალგაზრდამ დასუფთავების სამსახურის ათობით თანამშრომელი დააპურა. დაახლოებით 4-5 მეგობარი სტიქიის ზონაში დღის მეორე ნახევარში საკვებით დატვირთული მივიდა. როგორც ერთ-ერთმა მათგანმა, შალვა ჩხეიძემ "Amabebi.ge"-ს განუცხადა, მეგობრებმა შესაძლებლობის ფარგლებში, ხალხის დახმარება თავდაპირველად საკვებით, შემდეგ კი ფიზიკურად გადაწყვიტეს.
"მეგობრები შევიკრიბეთ და გადავწვიტეთ ხალხს დავხმარებოდით. დავეხმარებით როგორც შეგვიძლია - საჭმლით და შემდეგ ფიზიკურადაც", - აღნიშნა შალვა ჩხეიძემ.
ახალგაზრდებმა დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლებს ერთჯერადი ხელთათმანებით დაურიგეს პური, ძეხვი, ყველი, ნამცხვრები და დაპირდნენ, რომ მათთან კიდევ მივიდოდნენ.
ამასთან, დღესვე ზოოპარკთან საკვები მიიტანა კახის წმინდა გიორგის ტაძრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა დემეტრე თეთრუაშვილმა.
ანა მარშანია, AMBEBI.GE