"გავრბოდით და წყალი მოგვდევდა, მძინარე ბავშვები გამოყავდა ხალხს გარეთ, კიოდნენ" - რას ყვება გარდაცვლილი გურამ პეტრიაშვილის რძალი სტიქიის ღამეზე

"გავრბოდით და წყალი მოგვდევდა, მძინარე ბავშვები გამოყავდა ხალხს გარეთ, კიოდნენ" - რას ყვება გარდაცვლილი გურამ პეტრიაშვილის რძალი სტიქიის ღამეზე

სვანიძის ქუჩის მოსახლეობა სტიქიისგან დანგრეულ და დაზიანებულ სახლებს მოხალისეებთან ერთად ასუფთავებს. ჩვენი რესპოდენტი მაკო ყავლაშვილი სახლის გარეშე დარჩა, ადიდებულმა ვერემ მისი სახლი მთლიანად გაანადგურა. რისი გადარჩენაც მოხერხდა, საცხოვრებლად აღარ გამოიყენება და ანგრევენ. მაკო ყავლაშვილი გურამ პეტრიაშვილის რძალია, პეტრიაშვილი ადიდებულმა ვერემ შეიწირა და მისი ცხედარი რამდენიმე საათის წინ იპოვეს. რა მოხდა 13 ივნისს სვანიძის ქუჩაზე, მაკო Ambebi.ge-თან იხსენებს.

- სახლი აღარ მაქვს. ჩვენს ეზოში სამი ოჯახი ცხოვრობდა და ადიდებულმა წყალმა წაიღო ჩვენი სახლები. რამდენიმე მოსახლის სახლი გადარჩა, დილით მათთან მოვდივართ და საღამომდე აქედან ვუყურებთ რა ხდება ჩვენს ქუჩაზე. საღამოს კი მივდივართ. სტიქიამ ჩემი მამამთილის სიცოცხლე შეიწირა, ვერ მოასწრო გამოსვლა. ახლა იპოვეს მისი ცხედარი.

- რა მოხდა 13 ივნისს?

- წვიმა რომ გაძლიერდა, გარეთ გამოვედი, მაინტერესებდა რა ხდებოდა. ხალხი იყო ქუჩაში, ვიღაცამ მითხრა მდინარე ადიდდა და მეზობლის ეზო დაფარაო, სახლში შევვარდი, ჩემს შვილს დავუძახე ბავშვი გამოიყვანეთქო. 2 წლის შვილიშვილი გაიყვანა გიორგიმ გარეთ, წამებში მოვარდა წყალი. ვიფიქრე საბუთების აღებას მაინც მოვასწრებთქო, მაგრამ... დამავიწყდა ყველაფერი, ყელამდე წყალი შემოვარდა სახლში ფანჯრებიდან, ამიტომ გარეთ გავედი. ჩამეკეტა ფანჯარა, დინებამ ამაგდო ზევით და ასე გამოვაღწიე გარეთ. მერე მეზობლის ბიჭებმა გამიყვანეს. მე მეგონა წყალი ზემოდან ჩამოდიოდა და თურმე ქვევიდან დიდდებოდა ვერე. ყველაფერი წყალმა წაიღო, არაფერი აღარ დაგვრჩა. მანქანები ტივტივებდა, ჩვენ გავრბოდით და წყალი თითქოს მოგვდევდა. მძინარე ბავშვები გამოყავდა ხალხს გარეთ, კიოდნენ. ნახევარი საათის მერე რომ დაწყებულიყო სტიქია, ყველა მოვკვდებოდით. მარჯვენა მხარეს მცხოვრები მოსახლეობა ვერ გადარჩებოდა.

- თქვენი მამამთილი როგორ დაიხრჩო?

- ერთსართულიანი სახლი გვქონდა, ქვემოთ სარდაფებით. სანამ წვიმა გაძლიერდებოდა ჩემმა მამამთილმა სარდაფში ჩაიხედა, თქვა წყალი არის დამდგარიო, ბოტები ჩაიხვა და გასაწმენდად ჩავიდა. მე გარეთ გამოვედი და წამებში აივსო მთელი სახლი წყლით. ვეღარ მოახერხა ამოსვლა და დაიხრჩო. ხალხი ვერ ასწრებდა მდინარეს, ოთხი და დაიღუპა ადგილზე. ერთ-ერთმა გარეთ როცა გამოაღწია, წყალმა მაცივარი მაცივარი დააჯახა და ჩაძირა. ამ ტრაგედიას რა უშველის?! წვიმა როდის არ ყიფილა, მაგრამ ასეთი შედეგით? განადგურებულები ვართ. არაფერი აღარ გვაქვს, ტექნიკას და ავეჯს ვინ ჩივის, სახურავიც წყალმა წაიღო, ჩვენს ეზოში ყრია სხვისი მანქანები. ყაზბეგის ქუჩაზე გადაგვიყვანა მერიამ სამი დღით, მერე ალბათ რამეს მოგვიფიქრებენ. ყოველდღე მოვდივარ აქ და ვუყურებ, როგორ ანგრევენ იმას, რაც დარჩა ეზოში. იქ ცხოვრება აღარ შეიძლება.

ფოგოგალერეა: სვანიძის ქუჩა, ტრაგედიიდან მეორე დღე

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია