"ბავშვები ძალიან მიყვარს, ჩემი გაზრდილები არიან, ბევრის ნათლიაც ვარ. როცა დრო მაქვს კინოში და გასართობ ცენტრში დამყავს ხოლმე. იქ უკვე გვცნობენ და შეღავათებს გვიწევენ."
38 წლის ილია ჩოხელი, მეეზოვეა, "თბილსერვის ჯგუფის" სამგორის რაიონის სპეც თანამშრომელია. მას საკმაოდ რთული ცხოვრება აქვს გავლილი. ილია 16 წლამდე ბავშვთა სახლში იზრდებოდა. 16 წლის როგორც კი შესრულდა, ქუჩაში აღმოჩნდა. 2 წელი ქუჩა-ქუჩა სამსახურს და თავშესაფარს ეძებდა. ამ პერიოდში ილია მოინათლა და ცხოვრება სხვადასხვა ეკლესია-მონასტერში განაგრძო, სადაც ხელობას დაეუფლა. წლების შემდეგ თბილისში ბინა იქირავა და 12 მზრუნველობა მოკლებულ ბავშვზე პატრონობა იკისრა. ბავშვები მასთან ნაქირავებ ბინაში ჰყავდა, მაგრამ იმის გამო, რომ მეუღლე არ ყავდა და არც სათანადო პირობები ჰქონდა, ბავშვები ჩამოართვეს. 2012 წლიდან ილია თბილსერვის ჯგუფში მუშაობს, თბილისში 10 კვ.მ ბინაში ცხოვრობს და სახლთან ახლოს რიყის სკვერს ასუფთავებს. მისი ჰონორარი 13 ბავშვს ხმარდება, რომელიც საბურთალოს მზრუნველობა მოკლებულ ბავშვთა თავშესაფრში ცხოვრობენ. ჩვენ დავუკავშირდით ბატონ ილიას და ინტერვიუ ვთხოვეთ:
- ბავშვობაში ინტერნატში ვიზრდებოდი, ძალიან მძიმე პერიოდი იყო. მე და ჩემს მეგობრებს ყველაფერი გვენატრებოდა. არავინ არ გვაქცევდა ყურადღებას, ურთულეს პირობებში ვიზრდებოდით და ჩვენ თვითონ გაგვქონდა თავი. ინტერნატის მონასტერში წავედი და იქ ვცხოვრობდი. იქ შემიფარეს, ყურადღებას მაქცევდნენ და მეც, რაც შემეძლო ვეხმარებოდი. ხელობაც ვისწავლე. ვმუშაობ ხეზე და ქვაზე. მერე მონასტერში კანკელიც გავაკეთე.
- დიდი ხნის განმავლობაში იყავით უმუშევარი, როგორ მოხვდით "თბილისერვის ჯგუფში"?
- დიახ, დიდი ხანი ვიყავი უმუშევარი, მერე ჩემი მოძღვარი დეკანოზი მამა მიქაელი (გვარამაძე) დამეხმარა. მამა მიქაელმა შემიფარა და დღემდე, როგორც ოჯახის წევრს ისე მთვლის. დასუფთავების სამსახურშიც ეკლესიის დახმარებით მოვხვდი. რეკომენდაცია გამიწია ერთმა ჩემმა მეგობარმა, რომელიც იმავე ტაძრის მრევლია, სადაც მე დავდიოდი. მისი რეკომენდაციის საფუძველზე დავიწყე აქ მუშაობა.
იხილეთ გაგრძელება