პირის ღრუს პათოლოგიები და ჰიგიენა - სტომატოლოგის რჩევები

პირის ღრუს პათოლოგიები და ჰიგიენა - სტომატოლოგის რჩევები

საზოგადოების უმრავლესობისათვის კბილების მოვლა შემოიფარგლება ჯაგრისის 30 წამიანი "გამოვლებით" პირის ღრუში. თითქმის ყველა აკეთებს ამას დღეში 2-ჯერ. სტომატოლოგთან ვიზიტის შემდეგ კი ძალიან უკვირთ, თუ რატომ აღმოაჩნდათ მათ კარიესი, ნადები და სხვა მრავალი პრობლემა. როგორ უნდა მოვუაროთ კბილებს, კითხვებს სტომატოლოგი, ოთარ ჩხაიძე უპასუხებს.

თემო:

რა უნდა ვქნათ, რომ პარადონტოზი არ გაგვიჩნდეს?

-ერთ დღეში და უცებ პარადონტოზი არ ჩნდება. პარადონტოზი სანამ განვითარდება, წინ უძღვის პროცესები, ე.წ ღრძილების ანთება. ამიტომ უმჯობესია სანამ პარადონტოზამდე მივა საქმე, თუ ვუმკურნალებთ ანთებით პროცესებს. ანუ, სისხლდენის, ქვების, ნადების შემთხვევაში აუცილებელია ყურადღება, პირის ღრუს ჰიგიენა. სასურველია კბილების გახეხვის დროს ჯაგრისი იყოს საშუალო (არ უნდა იყოს ხისტი) და აუცილებელია მინიმუმ 2-3 წუთის განმავლობაში გამოვიხეხოთ კბილები.

მკითხველი:

კბილები ცივი წყლით უნდა გავიხეხოთ თუ თბილით?

არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ უჯობესია ონკანის, ან თბილი წყლით. იმიტომ რომ, პირის ღრუში არის ორგანიზმის ტემპერატურა და ჩვეულებრივ, როცა კბილის პასტას პირის ღრუში გამოვივლებთ, ის თბება. თუ პაციენტს მომატებული მგრძობელობა აქვს ცივ, ან ცხელ წყალზე, ასეთ შემთხვევაში სასურველია მგრძნობელობის საწინააღმდეგო პასტები გამოვიყენოთ.

ლია:

რა აჩენს კბილის ქვებს, პროფილაქტიკისთვის რა საშუალებას მივმართოთ, რომ არ გაგვიჩნდეს და შინაურ პირობებში რამეთი თუ შეიძლება მათი მოშორება? საერთოდ რა არის ქვები და რას აფერხებს?

-ქვების განვითარებას ძალიან ბევრი მიზეზი უწყობს ხელს. ერთ-ერთი უპირველესი მიზეზია თანკბილვა. ანუ, თანკბილვა თუ არასწორია, ღეჭვა თუ არ წარმოებს სწორად, შესაბამისად პირის ღრუში გროვდება ნადები და გარდაიქმნება ქვებად. ამიტომ აუცილებელია ჰიგიენა. კბილები ვიხეხოთ რაც შეიძლება ხშირად. (დღეში სამჯერ და პირის ღრუს გაწმენდის დრო უნდა იყოს 2-3 წუთი).

რაც შეეხება ქვებს. რა უწყობს ხელს ქვების წარმოქმნას? - რა თქმა უნდა პირის ღრუს აქვს ნერწყვი. საკვების ღეჭვის დროს გადამუშავებული საკვების ნამცეცებით წარმოიქმნება მინერალური მარილები, რომელიც კბილსა და ღრძილს შუა ყალიბდება ნადების სახით. ამის შემდეგ ეს ნადები გარდაიქმნება ქვებად, რაც შემდეგ იწვევს კბილისა და ღრძილოვანი ჯიბის მოცილებას ერთმანეთისგან. შესაბამისად ამის შემდეგ ვითარდება ტრამვა და კბილი შეიძლება მოირყეს და დავკარგოთ. ამიტომ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, აუცილებელია პირის ღრუს ჰიგიენა, - კბილების გაწმენდა.

ასევე აუცილებელი მნიშვნელობა აქვს კვების დროს: საკვები აუცილებლად უნდა დავღეჭოთ პირის ღრუს ორივე მხარეს. როცა პაციენტი საკვებს მხოლოდ ერთ მხარეს ღეჭავს, მეორე მხარე "ზარმაცდება" და შესაბამისად, მეტი ნადები ჩნდება სწორედ ასეთ შემთხვევაში. თუ პაციენტს აქვს პრობლემა, რომ არ შეუძლია საჭმელი დაღეჭოს ორივე მხარეს, მაშინ აუცილებლია მიმართოს სტომატოლოგს, სადაც მოხდება  დიაგნოსტიკა და გამოვლინდება ან კბილების გაწმედის საჭიროება, ან თანკბილვის პრობლემა.

რაც შეეხება შინაურ პირობებში პირის ღრუს მოვლას - ასეთ დროს კიდევ ერთხელ გავიმეორებ, აუცილებელია ჰიგიენა. სხვა შემთხვევაში, უკვე წარმოქმნილი ქვების მოშორება შინაურ პირობებში საფუძვლიანად ძალიან ძნელია, შეუძლებელიც კი.

გურამი:

მხოლოდ ერთი წინა კბილის ჩადგმა თუა შესაძლებელი ისე, რომ გვერდითა კბილი არ გაიქლიბოს?

-საბედნიეროდ, დღევანდელ დღეს ეს უკვე შესაძლებელია. რასაც ქვია დენტალური ინპლანტაცია. იმ ადგილზე, სადაც გვაკლია კბილი, ძვალში იდგმება ფესვის მაგვარი სპეციალური მეტალი და ამის შემდეგ ხდება გვირგვინის გაკეთება. შესაბამისად გვერდით კბილებთან შეხება არ ხდება. თუმცა დრევანდელი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, პაციენტებისთვის ფინანსურად ეს ძვირი ფუფუნებაა. სხვა შემთხვევაში ძალიან სასიამოვნო პროცედურაა. არანაირი ტრამვული რეაქცია აქ არ არის. თუმცა აქაც გასათვალისწინებლია ერთი მომენტი: ინპლანტის ჩადგმიდან დაახლოებით ორი სამი თვის შემდეგ უნდა გაკეთდეს გვირგვინი. (შეიძლება ერთ დღეშიც გაკეთდეს, მაგრამ ტრამვის რისკი უფრო დიდია).

ნინო

ზოგადად კარგი კბილის პასტა რა შემცველობის უნდა იყოს? ჯაგრისს ჰიგიენისთვის შეიძლება თუ არა, რომ სარეცხის საპონი წავუსვათ?

-თუ პაციენტს აღენიშნება ღრძილებიდან სისხლდენა, უმჯობესია მცენარეული საშუალებები, როგორიცაა: ალოე, გვირილა ევკალიპტი - ეს ჩამონათვალი აუცილებლად უნდა შედიოდეს იმ კბილის პასტის შემადგენლობაში, რომელსაც პაციენტი გამოიყენებს. თუ პაციენტს სურს კბილების გათეთრება, უმჯობესია კალციუმის და ფტორის შემცველი კბილის პასტის გამოყენება.

რაც შეეხება სარეცხ საპონს, არანაირად არ არის რეკომენდირებული, რადგან შეიძლება მოხდეს კბილის ჯაგრისზე ისეთი მიკრობის მოხვედრა, რაც უარეს შედეგს მოუტანს პაციენტს.

რაც შეეხება თვითონ კბილის ჯაგრისის ჰიგიენას - კბილის პასტებს აქვთ ისეთი შემცველობა (ანტისეპტიკები), რომ როცა ის გამოიყენება შესაბამისად, ჯაგრისიც იწმინდება. კბილების გახეხვის შემდეგ გამდინარე წყალში კარგად უნდა გავრეცხოთ და არანაირი პრობლემა აღარ იქნება. ჯაგრისი უნდა იდოს აუცილებლად დახურულ ადგილას და უნდა იყოს თავის ბუდეში, ან კარადაში.

გია:

შინაურ პირობებში როგორ უნდა მოვუაროთ მეორე სტადიის პარადონტოზს? რაიმე უნდა გამოვივლოთ? გამიგია ზეთი.

-მეორე სტადიის პარადონტოზს შინაურ პირობებში ვეღარ უმკურნალებთ. საკმაოდ რთული პროცესები მიმდინარეობს და უმჯობესია მიმართოთ სტომატოლოგს. პროფილაქტიკისთვის გეტყვით, რომ აუცილებელია სავლებები: გვირილა, ევკალიპტი, მაგრამ სტომატოლოგთან ვიზიტი არსებითად მნიშვნელოვანია. ვინაიდან ასეთ დროს უნდა მოხდეს ნაცხის ანალიზის აღება ღრძილებიდან და გამოკვლევა, თუ რომელი მიკრობების დონეა მომატებული. ამის შემდეგ სტომატოლოგი აძლევს პაციენტს დანიშნულებას, თუ რა სახის ჩარევით, ან მედიკამენტებით უნდა მოხდეს ლოკალიზაცია. ვიმეორებ: მეორე ხარისხის პარადონტოზი საკმაოდ რთული დაავადებაა და არანაირად არ ვურჩევ პაციენტებს ოჯახის პირობებში იმკურნალონ, ვინაიდან ეს შედეგის მომტანი ვერ იქნება. მდგომარეობა კი გართულდება.

რაც შეეხება ზეთს. ასეთ შემთხვევებში სასურველია ქაცვის ზეთი... მკურნალობის ათდღიანი სეანსის შემდეგ საჭირო ხდება კბილების გათეთეთრება. ქაცვის ზეთი და სხვადასხვა სავლები იწვევს ემალის ფერის შეცვლას. (შესაბამისად არ არის სასურველი, რომ ემალი გავიყვითლოთ).

მკითხველი:

ციტრუსები და მათი წვენი აჩენს კარიესს და მათი მიღების შემდეგ წყალი უნდა გამოვივლოთ, კიდევ რომელი პროდუქტებია საშიში კბილებისთვის? გამოსავლები წყალი ცივი უნდა იყოს თუ თბილი?

-ნებისმიერი ციტრუსი და პროდუქტი იწვევს კარიესს, თუ დროულად არ იქნება ჰიგიენა დაცული. აუცილებელია საკვების მიღებიდან 10-15 წუთის შემდეგ გავიწმინდოთ კბილები.

ციტრუსებს რაც შეეხება, - ციტრუსები მდიდარია C ვიტამინით და სასარგებლოა ორგანიზმისთვის და იმის თქმა, რომ კონკრეტულად რომელიმე ციტრუსი იწვევს კარიესს, ეს სწორი არ არის.

ნანა:

რამდენჯერ არის რეკომენდირებული კბილების გათეთრება წელიწადში?

-თუ ქვების მოცილებაზეა საუბარი, წელიწადში ორ-სამჯერ აუცილებელია. თუმცა ესეც ინდივიდუალურია. იმის მიხედვით, ვის რა პრობლემა აქვს. რასაც ქვია პროფესიული წმენდა. ხოლო კბილების გათეთრება არის ქიმიური ელემენტების ჩარევა და ამიტომ რეკომენდაციას ვაძლევ პაციენტებს წელიწადში ერთხელ, ან ორ წელიწადში ერთხელ. ეს არის ხანგრძლივი პროცესი და შესაბამისად, არ გჭირდებათ სპეციალისტთან ხშირად ვიზიტი.

ნანა:

როგორი კბილის ჯაგრისია ეფექტური და რამდენ ხანში უნდა შევცვალოთ?

- გააჩნია პაციენტის პირის ღრუს მდგომარეობა როგორია. როცა ღრძილები ჯანმრთელი აქვს, მაშინ შეუძლია გამოიყენოს მაგარი ჯაგრისი. თუ ღრძილების პრობლემაა, აუცილებელია გამოიყენოს რბილი ჯაგრისი.

კბილის ჯაგრისის მოვლას რაც შეეხება, როგორც აღვნიშნე, გარეცხეთ გამდინარე წყალში. ხშირად პაციენტები მიიჩნევენ, რომ მდუღარე წყალში ჯაგრისის გარეცხვა უკეთეს შედეგს მისცემს, მაგრამ ეს ასე არ არის. რადგან ჯაგრისი კარგავს თავის ფუნქციებს. ვიმეორებ, კბილის პასტაში არის ის ანტისეპტიკები, რომელიც ჯაგრისს თავისთავად ასუფთავებს. კბილის ჯაგრისი სასურველია გამოვცვალოთ თვეში ერთხელ მაინც.

ნანა:

როგორ გავიქროთ უსიამოვნო სუნი პირის ღრუში?

- პირის ღრუში უსიამოვნო სუნის ძირითადი მიზეზი მაინც ქვებია. ქვები და ქვების გამო მოყოლებული ანთებითი პროცესები. ძირითადად ქვების გაწმენდა უნდა მოხდეს. თუ ქვები არ არის, მაში აუცილებლად იქნება კარიესული კბილები, ან კბილის დგომის ანომალიები. ამ პრობლემების მოგვარების შემდეგ უსიამოვნო სუნი აღარ უნდა იყოს. ყველა პრობლემის გამოსავალი ის არის, რომ პაციენტი უნდა მივიდეს ექიმთან კონსულტაციაზე. ექიმი მას პროფესიულად დაუთვალიერებს პირის ღრუს და აუხსნის სიტუაციას. ამის გარდა, პირის ღრუში უსიამოვნო სუნის გამომწვევი მიზეზი კიდევ შეიძლება იყოს კუჭ-ნაწლავის პრობლემები. თუ პირის ღრუ სუფთაა, მაშინ პაციენტმა აუცილებლად უნდა მიმართოს გასტროენტეროლოგს.

ლია:

მართალია, რომ დილით და საღამოს სხვადასხვა კბილის პასტით უნდა გამოვიხეხოთ კბილები?

-აბსოლუტურად ვეთანხმები ამ მოსაზრებას. ესეც ინდივიდუალურია, მაგრამ სასურველი. ისეთ პაციენტებს, ვისაც აქვთ ღრძილების ანთება და იყენებს ღრძილების სამკურნალო კბილის პასტას, გეტყვით, რომ ასეთ კბილის პასტებს არ აქვთ მათეთრებელი ფუნქცია.

ჯანმრთელი ღრძილების შემთხვევაში, სასურველია, დილით მათეთრებელი კბილის პასტის გამოყენება (კალციუმის და ფტორის შემცველი), ხოლო საღამოს, ძილის წინ სასურველია გამოვიყენოთ ღრძილების სამკურნალო კბილის პასტა.

ლია:

როდის უნდა მივიყვანოთ ბავშვი სტომატოლოგთან პროფილაქტიკის მიზნით?

-ბავშვების სტომატოლოგია ძალიან მნიშვნელოვანია. ორი წლის ასაკის ბავშვებს სარძევე კბილები უკვე ამოსული აქვთ და შეგვიძლია დავუწყოთ წმენდა. ამაში მშობელი უნდა დაეხმაროს აუცილებლად. არსებობს ბავშვებისთვის სპეციალური კბილის პასტები, რომლებიც რომც გადაეყლაპოს ბავშვს, საშიში არ არის. შესაბამისად, ორი წლიდან რეკომენდირებულია, ბავშვი მივიყვანოთ სტომატოლოგთან, რომ გავარკვიოთ და თავიდან ავირიდოთ კარიესის განვითარება და შესაბამისად პროფილაქტიკა ბევრად უფრო ეფექტურია, ვიდრე გართულებული და პრობლემური სიტუაციების მოგვარება.

გია:

ძირითადად როგორ პროთეზებზეა დღეს საქართველოში მოთხოვნა და რა არის მიახლოებით ფასები?

-ინდივიდუალურია ყველა კლინიკაში და პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე. მოსახსნელ პროთეზებზე ბევრად დაბალი ფასებია, ვიდრე კონკრეტულად ერთი, ორი ან რამდენიმე კბილის ჩასმაზე. მოსახსნელი პროთეზის გამოყენების დროს ღეჭვის აღდგენა 100 %-ით ვერ ხდება.

ფაიფურის გვირგვინი ერთი ერთეული დაახლოებით 80 ლარიდან იყება და უკეთესი მეტალი კიდევ უფრო მაღალი ფასია...

რეკომენდაციას ვაძლევ პაციენტებს, რომ ხშირად მიმართონ პროფილაქტიკისთვის ექიმებს, რადგან ძალიან ბევრ კლინიკას კონსულტაცია აქვთ უფასო და ეს ბევრად გაგიმარტივებთ პირის ღრუს მოვლის წესებს, რადგან ისინი მოგცემენ სწორ დანიშნულებას.

იხილეთ ვიდეო

ალკოჰოლის მიღება და უზიარებლობა მარხვის დროს - რა უნდა იცოდეს მართლმადიდებელმა მარხვის შესახებ

რა არის აზიური ფაროსანა და უქმნის თუ არა ჯანმრთელობას საფრთხეს?

რა არის დეჰიდრატაცია და როგორ ვუმკურნალოთ მას