პირველად მაშინ დავფიქრდი მარიხუანის გამო არსებული სასჯელების უსამართლობაზე, როცა დომენტა დაიჭირეს. დომენტა ჩემი კარის მეზობელია და ბავშვობიდან ვუყურებ. ავკარგიანი კაცია, როგორც ყველა ნამდვილი ადამიანი და როგორც ყველა ნამდვილ ადამიანს, თავისი ჯადოქრული ხიბლი ჰქონდა ყოველთვის. ჯადოქრული იმიტომ, რომ თუ არ ჩავთვლით ცუდ სიმთვრალეს, ისეთი რამეები აინტერესებდა, როგორიც სხვებს არა. დომენტა და მარიხუანა ერთი ამბავი იყო, დომენტა და ალკოჰოლი - სხვა. ისე კი, აბა მაგიდის ჩოგბურთი ჰქონდა და სხვა თუ არაფერი, დომენტასთან ეს მაინც მიგიზიდავდა. მაგიდის ჩოგბურთი ერთი იყო და ერთი ისტორია უყვარს დღემდე განსაკუთრებით, ეს კი სულ სხვა მიზიდულობის ამბავია. აგვიყოლიებდა ხოლმე ძირითადად, მე და ნიკას და ვჩიჩქნიდით და ვჩიჩქნიდით გორიჯვარზე. გორიჯვარი კიდევ თავის მხრივ, ჯადოსნური ამბავია. ხუმრობა ხომ არაა, ამბობენ, რომ აქ შეიძლება კვირიკეს სასახლეც ყოფილიყო ოდესღაცო, ჩვენი უბანი კი თელავში რომ ძველზე ძველია და ძველი გალავანიც მაგიტომ ჰქვია, უკვე ფაქტია. სიძველის ქართული აღქმა კიდევ, კარგად მოგეხსენებათ, სულ სხვაა. რადგან ძველ გალავნად კვირიკეს დროინდელს მოიაზრებენ, ახალი - მეჩვიდმეტე საუკუნეში არჩილ მეორის აგებული გამოდის, სადაც ეხლა პირველი სკოლა, ერეკლესეული მცირე სასახლე და მუზეუმია. ჰოდა გორიჯვარზე კიდევ მარტო ძველი ტურბაზის ნანგრევები და პატარა ეკლესია დგას. ერთ კედელზე ფანდურიანი წმ.გიორგია მიხატული. ძველი ნუ გეგონებათ. ოციოდ წლის წინ დაუხატავთ კედელზე და ფრესკული სულაც არაა, სტრიტარტის ნიმუშია. ჰოდა ავიდოდით ამ გორიჯვრის ეზოში და ვჩიჩქნიდით და ხან რას ვპოულობდით და ხან - რას. ძირითადად მოჭიქული ჭურჭლის ნატეხებს. შეაგროვებდა დომენტა, ჩაუჯდებოდა წიგნებს და ამ ნამტვრევებისგან ააწყობდა ხოლმე მთელ სურათს. ბოლოს რომ ვნახე, მაჩვენა, ეს აურაცხელი ნამსხვრევები, აწყობილი, თემატურად დალაგებული და მიყვებოდა და მიყვებოდა ამბებს. ჰოდა, აი, ეს დომენტა კანაფის გამო ჩასვეს ციხეში და როცა გამოვიდა, თავი არც მომიბეზრებია კითხვებით. არ იყო საკითხავი ამბავი. კაფკას "პროცესივითაა".
ზიხარ შენთვის, მოჰკრეფ ბალახს, მოწევ და დაგესხმებიან თავს, გაგაკავებენ, გაგასამართლებენ და რატომ? ამას ვერც ვერასოდეს ვერ გაიგებ. იმიტომ, რომ არც რამე აზრი დევს ამაში და არც არავინ იცის, რატომ უნდა იყოს ასე. მაგრამ ასე დაიჟინებენ და თუ მთავრობამ დაიჟინა, რას გადაათქმევინებ. ვის რად უნდა საღი აზრი. მთავარია დავიჭიროთ, ჩავსვათ, დავსაჯოთ, გავანადგუროთ, არავინ გაბედოს ბედნიერად ყოფნა.
მოკლედ, ჩვენებური კანონების გადამკიდე, ალბათ, უკვე ყველა ოჯახში მოიძებნება იოზეფ კ-ს ბედში ჩავარდნილი ადამიანი, რომელსაც აპატიმრებენ და ვერავინ მიმხვდარა, რატომ უნდა გამოკეტონ ციხეში; ვერ მიმხვდარა ამას ვერც პოლიციელი, რომელიც იჭერს, ვერც პროკურორი, რომელიც პატიმრობას დაჟინებით მოითხოვს, ვერც მოსამართლე, რომელიც ამ სასჯელს საქართველოს სახელით, ანუ ჩვენი ყველას სახელით დააკისრებს და ვერც თავად მსჯავრდებული, რომელიც მხოლოდ იმას თუ მიხვდება, რომ ეს ქვეყანა, დაკანონებული უსამართლობითაა სავსე და სანამ კორუმპირებული, მატყუარა, საკუთარი ხალხის ფულით პრემიების გამომწერი ხელისუფლება საკუთარ ოჯახებში ნებივრობს და ელიტარულ აგარაკებზე ნება-ნება მარიხუანასაც აბოლებს და ბარე ბევრ სხვა რამესაც არ თაკილობს, თვითონ რამდენიმე წელი უნდა გაატაროს მკვლელებს, მძარცველებს, ყაჩაღებს და ათასგვარი უბედურების ჩამდენ ადამიანებს შორის და თუ გაუმართლა და არც ჭკუიდან გადავიდა, არც თვითმკვლელობით მოისწრაფა სიცოცხლე და არც ტუბერკულოზით დაავადდა, სასჯელის პატიოსნად მოხდის შემდეგ უნდა გამოვიდეს და ყველაფრის თავიდან დაწყება სცადოს.
კანონით კი მას არათუ ლექციების წაკითხვა უნივერსიტეტში, ავტომობილის მართვაც არ შეუძლია, რადგან მართვის მოწმობის აღება სასჯელის ვადის გასვლიდან კიდევ რვა წლის შემდეგ შეეძლება. შესაბამისად, დისტრიბუტორად და ტაქსის მძღოლადაც კი ვერ იმუშავებს. მოკლედ გილოცავთ, თქვენ ცხოვრობთ საქართველოში, ე.ი. ერთ მშვენიერ დღეს თქვენ შეიძლება იოზეფ კ.-დ გაიღვიძოთ და თქვენი ბოლო სიტყვები იყოს - ძაღლივით მომკლეს.
Toresa Mosssy-ს საავტორო სვეტი AMBEBI.GE-ზე