"ზუსტად რვა წლის წინ ერთი ბიჭი გავიცანი... ათინათში გახვეული, ხმაურიანი, ქარიზმატული... მანამდე ყველას სათავისოდ უყვარდა განო... თურმე საჩემოდაც შეიძლებოდა... რვა თვის თავზე აივანზე მომაკითხა და ჰაერში გამოკიდებულებმა სამუდამოდ ვირწმუნეთ სასწაულის არსებობა. მერე ჩემი ოცნების გოგონა მისახსოვრა და ქორწინების დღეს ახალი სიცოცხლის მოლოდინში ერთად ვიცეკვეთ დაუვიწყარი ტანგო... დრო სულ გადიოდა, ჩვენ ვერ ვგრძნობდით, სულ პირველი დღე გვეგონა ერთმანეთის... ერთხელ ზურგზე ამოღებულ მწვანე კაბაში გამოწყობილს თავზე ხელი დამადო, პირდაპირ თვალებში ჩამხედა და მითხრა:
- განიკოოო, ა-ნა-თეებ!
საგანგებოდ ჩემთვის გაშლილი 23 მაგიდიდან ერთი ამარჩევინა, ცარიელ ვერანდაზე წვიმა და საჩუქრები გასწრობანას თამაშობდნენ. მერე მხოლოდ ჩვენთვის დაუკრეს "ერთხელ ამერიკაში"... ერთმანეთის პირისპირ, ბევრი ალკოჰოლი და მომავლის დაუსრულებელი კონსტრუქციები...
მერე დღეები და ღამეები, დაუსრულებელი რამეები, წლები, დრო და მატერია, პასუხისმგებლობები, სისულელეები, ცისფერი ბურთის გასამართლებლად გამოგონილი ყოფა.
დღეს თანაცხოვრების მერვე წელი უნდა აღგვენიშნა! მარტო სევდა დამრჩა გულზე დიდ ლოდებად დაკონებული და დღეები ჩემ საწინააღმდეგოდ მოქმედებენ!
- ფითქინა, ფითქინა, ფილინა – განუმეორებელი ხმით და ამ დროს ტრიალს ვაგრძელებდი. ყოველდღე აღვნიშნავდით ერთად ყოფნას და ყოველთვის თითო მიზეზს მაინც ვპოულობდით ბედნიერების... პირობითი, უსახო, ჩემი დაბადების 28-ე ჯერი... ასე როგორ ხდება?! იღვიძებ სრულიად ახალ მახინჯ რეალობაში და ხვდები – ცხოვრება დაუბრუნებლად შეიცვალა... ჰოპ! და ერთ წამში დასრულდა დაუვიწყარი, განუმეორებელი, ყველაზე უფრო სანუკვარი შიზოფრენია!
საკუთარ თავზე უფრო მეტად გავიზარდე... სამი წლისამ ერთი ბიჭის ხელის გულზე ტრიალი ვინატრე! მატყუარა! ხომ დამპირდი?!
მძულს მატერია უშენოდ! 24 საათი გაქვს უკანასკნელი დღესასწაულის მოსაწყობად, მიპოვე, რა!", - წერს განო.