მორიგმა სტიქიამ შიდა ქართლი კვლავ დააზარალა. წუხანდელი ძლიერი წვიმის შედეგად ათზე მეტი სოფელია დაზარალებული.
ძირითადად დაზიანდა გორის მუნიციპალიტეტის სოფლები. ატენის ხეობაში ოლოზი, წედისის, ბნავისის სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და ნათესები მთლიანად დაიტბორა და განადგურდა. გარდა ამისა, მთიდან წამოსულმა ქვა-ღორღმა ჩაკეტა სასოფლო გზებიც. დაიტბორა შავშვების დევნილთა ჩასახლების ტერიტორიაც. გარდა ამისა, სოფელ ახალდაბაში ასევე მთიდან წამოსულმა ღვარცოფმა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი დატბორა. დაზიანდა საცხოვრებელი სახლების კედლებიც. სოფელ სკრაში კი ადიდებულმა მდინარე სკრამ სასმელი წყლის ცენტრალური მილსადანი მოგლიჯა, დაახლოებით 200 მეტრზე, რის გამოც სოფელი ამ დროისთვის სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი.
გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ონიაშვილი აცხადებს, რომ იმ მოსახლეებს, ვისი საცხოვრებელი სახლებიც დაზიანდა, მოქმედი პროექტის პროგრამის ფარგლებში ზარალი აუნაზღაურდებათ. რაც შეეხება დაზიანებულ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს, აგროდაზღვევით მოსარგებლე პირებს ზიანი სრულად აუნაზღაურდებათ.
რეგიონში არსებულ ვითარებაზე ცოტა ხნის წინ კომენტარი გააკეთა შიდა ქართლის გუბერნატორმაც. ზურაბ რუსიშვილის განცხადებით, სტიქიის მასშტაბები საკმაოდ სარიოზულია. თუმცა, ზარალის ოდენობა ჯერჯერობით დაუზუსტებელია.
ზურაბ რუსიშვილის თქმით, ყველაზე რთული ვითარება გორის მუნიციპალიტეტის სოფლებშია. შესაბამისად, მეზობელი მუნიციპალიტეტები გორის რაიონს სტიქიის ლიკვიდაციისთვის აუცილებელი ტექნიკით ეხმარებიან.
რუსიშვილის განცხადებით, ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული ზონაა სოფელი სკრა, სადაც მდინარემ სასმელი წყლის მაგისტრალური მილსადენის ნაწილი მოგლიჯა. სალიკვიდაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს და სრულ ლიკვიდაციას რამდენიმე კვირა დასჭირდება.