თბილისში, უეფა-ს სუპერთასზე, რომელიც "დინამო არენაზე" 11 აგვისტოს გაიმართება, ერთმანეთს "ბარსელონა" და "სევილია" დაუპირისპირდებიან.
სუპერთასზე ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის გამარჯვებულები ხვდებიან. ჩემპიონთა ლიგის ფინალში გუშინ "ბარსელონამ" ტურინის "იუვენტუსი" ანგარიშით 3:1 დაამარცხა. გოლები ივან რაკიტიჩმა ("ბარსელონა"), ალვარო მორატამ ("იუვენტუსი") , ლუის სუარესმა ("ბარსელონა") და ნეიმარმა ("ბარსელონა) გაიტანეს.
სუპერთასზე საქართველოს დედაქალაქს ეწვევიან ისეთი საფეხბურთო ვარსკვლავები, როგორებიც არიან: ლიონელ მესი, ნეიმარი, სუარესი, ანდრეს ინიესტა, ხერარდ პიკე და სხვები. "სევილიამ" კი ევროპის ლიგის ფინალში დნეპროპეტროვსკის "დნიპრო" დაამარცხა.
თბილისი ასეთი მასშტაბის საფეხბურთო შეხვედრას პირველად მასპინძლობს.