პალიტრა TV-ს მორიგი გადაცემა, რა თქმა უნდა, ისევ წარმატებულ, მაგრამ ამჯერად საკმაოდ სპეციფიკურ ბიზნესს მიეძღვნა.
თავად ამ ბიზნესის გარეშე, სხვა ბიზნესების არსებობა წარმოუდგენელია. გადაცემის სტუმარი ამჯერად კორძაძის საადვოკატო ბიუროს ხელმძღვანელი ზვიდ კორძაძე იყო, რომელმაც იურისტის პროფესიის სპეციფიკასა და საადვოკატო საქმიანობის თავისებურებებზე ისაუბრა. როგორ კეთდება ბიზნესი კანონების ცოდნით და რაზე ოცნებობენ იურისტები - ამას მკითხველი "ბიზნეს-PRESS"-ის ბეჭდური ვერსიიდან შეიტყობს.
-საინტერესოა, ყველა იურისტს აქვს ოცნება, რომ აუცილებლად ჰქონდეს საკუთარი საადვოკატო ბიურო?
-რა თქმა უნდა, საკუთარი საადვოკატო ბიუროს ქონა, ალბათ, ყველა იურისტის მხოლოდ ოცნება არა, საშუალებაცაა, რომ თავისი საადვოკატო საქმიანობა აწარმოოს. მაგრამ ზოგი ინდივიდუალურად მოღვაწეობს, ზოგი იურიდიული ფირმების მეშვეობით. ასე რომ, დღეს უკვე ბაზარზე ამის არჩევანი არის. მე როცა დავიწყე პრაქტიკა, მაშინ იურიდიული ფირმები, როგორც ასეთი, არ არსებობდა. წელს კორძაძის საადვოკატო ბიუროს არსებობის 20 წელი უსრულდება. თავიდან, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში რამდენიმე ჯგუფმა გადავწყვიტეთ, შეგვექმნა რამდენიმე იურიდიული ფირმა. შემთხვევითი პრინციპის საშუალებით ავირჩიეთ ერთმანეთი. იმ იურიდიული ფირმებიდან ყველა ვერ შენარჩუნდა. ზოგი სხვაგან წავიდა, ზოგი სახელმწიფო სამსახურში წავიდა, მე კიდევ მოვდივარ. მაშინ, რაც შეიქმნა, იყო კორძაძე - სვანიძე და ოქრუაშვილი. რაღაც პერიოდის შემდეგ ირაკლიმ თავისი იურიდიული ფირმა შექმნა, შემდეგ პოლიტიკაში წავიდა. შემდეგ იყო კორძაძე-სვანიძე. დღეს მეც და გოჩასაც ჩვენ-ჩვენი ფირმები გვაქვს და ვმოღვაწეობთ.
-ამბობენ, რომ იურიდიული კომპანიის დაფუძნება ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებხარჯიანი ბიზნესია. ანუ თავიდან, მცირე კაპიტალდაბანდებას მოითხოვს.
-ზოგადად, საქართველოში მიღებულია, რომ ინტელექტუალური შრომა მცირე კაპიტალდაბანდებას მოითხოვს. მაგრამ ასე არ არის. იმიტომ, რომ ჩვენი კაპიტალდაბანდება არის ის, რაც გამოვიარეთ, სანამ დავაფუძნებდით. ეს არის სწავლა, ცოდნის შეძენა, რაც არ არის მცირე კაპიტალდაბანდება და როცა მიხვდება ეს საზოგადოება, რომ კაპიტალდაბანდება არის როგორც ფული, ასევე ინტელექტუალური შრომა, უფრო უკეთ იქნება საზოგადოებაში საქმე. საზოგადოება სხვის ნაშრომს პატივს არ სცემს. დღეს ეს საზოგადოების გარკვეული პრობლემა მგონია. ამას თავისი ობიექტური მხარეც აქვს. იმიტომ, რომ ხალხი ხედავს, ადამიანები კანონზომიერად არ მდიდრდებიან. იმ ქვეყნებში, რომლებსაც ჩვენ განვითარებულ ქვეყნებს ვუწოდებთ, გამდიდრების, წინსვლის რაღაც საფეხურები არსებობს.
იქ რაღაც კანონზომიერება არსებობს, ადამიანი წარმატებული თუა, მან ამისთვის ბევრი იშრომა. ჩვენთან ზოგჯერ ასე არ ხდება. შესაბამისად, საზოგადოება, სადაც სოციალური დონე ძალიან ცუდია, ერთნაირი აგრესიით უყურებს იმას, ვინც უშრომელად იშოვა რამე და იმასაც, ვინც ყველაფერს შრომით მიაღწია. ამ გადასახედიდან, ყველა ბიზნესის დაფუძნება ძალიან იოლია, როგორც იურიდიულის, ისე ნებისმიერის. ერთ დღეში, შესაძლოა, 100 ლარად ნებისმიერი კომპანია დააფუძნოთ. მთავარია, მერე რას გააკეთებ.