ქართველები, რომლებიც ისტორიამ მოღალატეებად შერაცხა

ქართველები, რომლებიც ისტორიამ მოღალატეებად შერაცხა

საქართველოს ისტორიაში მუდმივად იყვნენ ადამიანები, რომლებიც, ნებით თუ უნებლიედ, ისტორიამ მოღალატეებად შერაცხა. მათი უმეტესობა პირადი მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ ისწრაფვოდა, მათმა ქმედებებმა კი საბოლოო შედეგი გამოიღო და ისტორიამ ისინი მოღალატეებად შერაცხა. ისტორიკოსებს ხალხისა და ისტორიის მიერ შერაცხული მოღალატეების დასახელება ვთხოვეთ.

კახაბერ ყორღანაშვილი

ის ერთ-ერთია, ვისი სახელიც ისტორიამ მოღალატის სტატუსით შემოინახა. მასზე არაერთი გასამასხარავებელი ლექსია ხალხის მიერ შექმნილი. მათ შორის ყველაზე ცნობილია: "ყორღანას ძეს ქარაფიდან, ხელი ჰკრეს და გადაფრინდა".

1569 წელს ქართველთა და ყიზილბაშთა ლაშქარს შორის ფარცხისთან ბრძოლა გაიმართა. ირანის შაჰმა განჯაში შაქისა და ყარაბაღის ლაშქარი შეკრიბა, დაიქირავა საშამხლოს რაზმები და საქართველოში გაგზავნა ქართლის მეფის სვიმონ I-ის წინააღმდეგ. მოღალატე აზნაური კახაბერ ყორღანაშვილი მტერს გზაზე მიეგება და მეგზურად წაუძღვა. მიუხედავად მტრის სიჭარბისა, ქართველებმა მტერი დაამარცხეს, თუმცა ბრძოლის დროს სვიმონ მეფე მოწყდა პირად დაცვას, რაც არ გამოეპარა კახაბერ ყორღანაშვილს და ყიზილბაშებს მეფის ვინაობა ამცნო, მათ კი სვიმონ მეფე შეიპყრეს. დატყვევებული სვიმონი, საკუთარმა ძმამ, დაუდ-ხანმა შაჰ-თამაზთან გააგზავნა და შემდგომ მთელი 10 წელი ალამუთის ციხეში ტყვეობაში გაატარა.

იასე ფალავანდიშვილი

ადამიანი, რომელმაც 1832 წლის შეთქმულება გასცა, რაც მეცხრამეტე საუკუნის ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში მნიშვნელოვანი მოვლენა იყო. პეტერბურგსა და მოსკოვში იძულებით გადასახლებული ქართველ ბატონიშვილთა ოჯახები ვერ შეურიგდნენ თავიანთ ხვედრს და ბაგრატიონთა სამეფო ტახტის აღდგენისათვის დაიწყეს ბრძოლა. შეთქმულების ხელმძღვანელ ბირთვს სოლომონ დოდაშვილი, ელიზბარ ერისთავი, ალექსანდრე ორბელიანი და იასე ფალავანდიშვილი წარმოადგენდნენ. შეთქმულება დიდხანს და საფუძვლიანად მზადდებოდა. აჯანყება 1832 წლის დეკემბერში უნდა დაწყებულიყო. რუსეთის მაშინდელმა იმპერატორმა ნიკოლოზ პირველმა შეთქმულებს სიკვდილით დასჯა გადაუწყვიტა, მაგრამ შემდეგ გადაწყვეტილება შეცვალა და ისინი რუსეთის შორეულ მხარეებში გადაასახლა.

გიგლა ბერბიჭაშვილი

ბოლომდე დაუდგენელი, თუმცა გადმოცემითა და მოწმეების ჩვენებებით, ის ილია ჭავჭავაძის მკვლელობის ერთ-ერთი მთავარი მონაწილე იყო. 1907 წლის 30 აგვისტოს ილია თავის მეუღლე ოლღა გურამიშვილთან ერთად თბილისიდან საგურამოში ეტლით მიემგზავრებოდა. წიწამურთან მას გიგლა ბერბიჭაშვილის ბანდა(გიორგი ხიზანიშვილი, პავლე აფციაური, ივანე ინაშვილი, "ვინმე იმერელი") დახვდა, რომელთაც იარაღის მიშვერით შეაჩერეს ეტლი. გადმოცემის თანახმად, ილია ფეხზე წამოდგა და ბანდას მიმართა "ილია ვარ არ მესროლოთ". გიგლას პასუხი კი ასეთი იყო: "ილია რომ ხარ, იმიტომ უნდა გესროლოთ", და უცბად გაისმა რამდენიმე გასროლის ხმა გაისმა. ილია წიწამურთან მოკლეს, მას ტყვია გულმკერდის არეში ჰქონდა ნასროლი.

სერგო ორჯონიკიძე

ქართველთა ცნობიერებაში ეს იყო პიროვნება, რომელმაც დაგეგმა და უშუალოდ განახორციელა აგრესია საკუთარი სამშობოლოს წინააღმდეგ, შემოუძღვა თბილისში წითელ არმიას, წაართვა საქართველოს დამოუკიდებლობა და იგი რუსეთის კოლონიად აქცია.

ასევე დაგაინტერესებთ| 6 ყველაზე სასტიკი მეფე საქართველოს ისტორიაში: დასჯისა და შურისძიების დაუნდობელი მეთოდები

თაკო ესებუა

AMBEBI.GE