თბილისში, სვანიძის ქუჩაზე მდებარე ძაღლების თავშესაფარში მოხალისეების დახმარებას ითხოვენ. როგორც თავშესაფრის მეპატრონემ, თამაზ ელიზბარაშვილმა განაცხადა, ვითარების გამოსასწორებლად მოხალისეების დახმარებაა საჭირო.
"საკამოდ დიდი ფართობია დანაგვიანებული. ნაგვის სიმაღლე მეტრანახევრამდე აღწევს. ამ ყველაფერს გასუფთავება უნდა. გვჭირდება მოხალისეები, რომლებიც დაგვეხმარებიან", - აცხადებს თამაზ ელიზბარაშვილი.
ძაღლების თავშესაფარის ფეისბუქ-გვერდი დრამატულ ფოტოებს ავრცელებს მინაწერით - "ჩვენ კი გადავრჩით, მაგრამ ისინი?!". ფოტოების ნაწილი სტიქიის დროს არის გადაღებული და დაფიქსირებულია, თუ როგორ ცდილობენ ძაღლები დატბორვისას თავის გადარჩენას.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, სვანიძის ქუჩაზე მდებარე თავშესაფარი, სადაც 450 ძაღლი და ათი დათვი ჰყავთ შეფარებული, გუშინ, ძლიერი წვიმის შედეგად დაზარალდა. თავშესაფარი ადიდებულმა მდინარე ვერემ დატბორა, რის შედეგადაც 12 ძაღლი დაიხრჩო.