მსხვერპლშეწირვა ლომისობაზე - საეკლესიო, თუ საკულტო ტრადიცია? - "ასეთი ქრისტიანობით ღმერთს ვკლავთ სამსხვერპლოზე..."

მსხვერპლშეწირვა ლომისობაზე - საეკლესიო, თუ საკულტო ტრადიცია? - "ასეთი ქრისტიანობით ღმერთს ვკლავთ სამსხვერპლოზე..."

ლომისობა მოძრავი დღესასწაულია. აღდგომიდან მე-7 კვირას არაგვისა და ქსნის ხეობაში აღინიშნება. მისი სახელობის სალოცავებიდან ერთი ქსნისა და არაგვის წყალგამყოფ ქედზეა, ხოლო მეორე – სოფელ მლეთაში. ამ დღეს მლეთაში მლოცველები იკრიბებიან.

ლეგენდის მიხედვით, ლომისა გზოვანის წმიდა გიორგია, რომელსაც ხორასნიდან 7 ათასი ტყვე დაუხსნია და ხარის რქებზე დაბრძანებული დამკვიდრებულა მლეთის მთაზე. მას ევედრებოდნენ შვილიერებას, თვალის სინათლეს, მიწისა და საქონლის ნაყოფიერებას...

ტაძარში ინახება საყელურიანი დიდი რკინის ჯაჭვი. ვისაც აღთქმა აქვს დადებული, ან რაიმეს თხოვნა სურს წმინდანისთვის, ამ ჯაჭვს კისერზე დაიდებს და ტაძარს სამგზის შემოუვლის ლოცვით.

ლომისობის დღესასწაული წინაქრისტიანულ პერიოდს მიეკუთვნება და ამიტომაც მიმდინარეობს წარმართული დღესასწაულის ელემენტებით. დიახ, ამ დღეს ერთი ყველაზე მძიმე რიტუალი აღესრულება - სისხლიანი მსხვერპლშეწირვა, როცა მთიულები ლომისას ცხვარ-ძროხას სწირავენ. არადა, იქ წასვლა მხოლოდ ამ რიტუალისთვის, რომ ცხოველს სისხლი გამოადინოს და აღასრულოს ქრისტესთან და სარწმუნოებასთან ურთიერთობა, დანაშაულია, მაგრამ ეს ძველი და უმსგავსი ტრადიცია კვლავაც მძლავრობს. თუმცა ამის პარალელურად, ადამიანების ნაწილი ლომისაზე, რომლისკენაც სავალი გზა არც ისე უხიფათოა, მხოლოდ სალოცავად ადის და რწმენით ლოცულობს...

სვეტიცხოვლის ტაძრის დეკანოზი, პეტრე კვარაცხელია ამ საკითხს ეხმაურება და მწვავედ განიხილავს. ამასთან, ამ თემაზე ერთი წლის წინ გამოქვეყნებულ მის მოსაზრებას კვლავაც გვთავაზობს:

- წერილი, რომელიც შარშან დავწერე დღესაც აქტუალურია და მას დღესაც დავწერდი, დავწერდი მომავალშიც, ვიდრე თავმოკვეთილი ცხვრები ფართხალებენ ტაძრის შესასვლელთან...

"შენ სისხლო ჩემო, სად არ დაღვრილო"... ეს ფრაზა ამოვიკითხე თავმოკვეთილი ცხვრის ღიად დარჩენილი თვალებიდან... ერდოზე, ხიდზე, შუაგზაზე, ტაძრის შესასვლელთან - ყველგან სისხლის გუბეები იდგა. ვის სჭირდება ამხელა მსხვერპლი?! ღმერთს - რომელმაც ძველი აღთქმის მსხვერპლშეწირვა სიახლით - გული წმინდა და სული წრფელით - შეცვალა თუ ადამიანს, რომელიც წვიმაში, სეტყვაში, თქეშში, მხრებზე წაგდებული "ტარიგით" ფეხაკრეფით მიუყვება ლომისისკენ არც თუ ისე უსაფრთხო აღმართს?!

რა არის ლომისობის დღესასწაული?! საეკლესიო თუ საკულტო დანიშნულების?! წმინდა გიორგის თაყვანისცემის ტრადიცია ძველი დროიდან იღებს დასაბამს. ხალხმაც მისი უძლეველობა არ იკმარა და ეროვნული გმირის ხარისხში აიყვანა. არც ეს არის სავალალო, მაგრამ რამდენად მოსაწონია კაბადოკიელი მხედართმთავრისთვის ის სარწმუნოება, რაც ყოველწლიურად მისი სახელობის ტაძართან აღესრულება?!

უფალმა ყველას შეუწიროს დარში თუ ავდარში, დღისით თუ ღამით იმ პიტალო კლდეებზე სიარული, საიდანაც არაერთი ფეხმოტეხილი ჩამოუყვანიათ. ეს უფრო ჩვეულებაა, ვიდრე რწმენა. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასიკეთოდ მოგვიბრუნდებოდა ცხვრის ქურქიდან გამოშიგნული რელიგია.

არაგვის ტალღებს შეერთებული "მოწამეთა" სისხლი... სასაკლაოდ ქცეული ეს ულამაზესი ხეობა, კიდევ კარგი, უტყვია, თორემ ბევრს ისაუბრებდა იმ გაუკუღმართებულ რწმენაზე, კოჭებამდე სისხლით რომ შეღებილა.

ძაღლის ყბაში ჩავარდნილი ცხრვრის ტყავები რომ შევნიშნე, გიორგობის დღესასწაულზე, საკუთარი სტომაქის ამოსავსებად ჩასული ადამიანების გასაგონად მინდოდა მეთქვა, რომ იქ დაკლული პირუტყვის სანაცვლოდ უპატრონოთა თავშესაფარი რომ ავაშენოთ, ღმერთიც გემრიელად "დაპურდება" და ადამიანებსაც იმედის სხივი ჩაუდგებათ ჩაღამებულ თვალებში...

ლუდით და ჟიპიტაურით გამტყვრალი ხალხის ყურება, არც ნაზარეველისთვის არის ადვილი... ტაძრის კედელზე სისხლი, იატაკზე სისხლი, ტერფებქვეშ სისხლი, მრევლის გაქონილი ხელები, ერთ ღამეში დადებული ღიპი, "რა ვქნა, რომ ბედი არ მწყალობს" მეათასედ მოსმენა, გიტარა და ჩქარი ტაში, ყველაფერია, გარდა რწმენისა... ასეთი ქრისტიანობით ღმერთს ვკლავთ სამსხერპლოზე...

იქნებ ამის გამო ვისჯებით და მთიდან ჩამოსული მეწყერი პასუხია ცხვარივით თვინიერი ღმერთისა... "წინანდელმა რელიგიურმა დღესასწაულებმა დაკარგეს თავიანთი პირვანდელი მნიშვნელობა და ახლა იქცნენ ლოთების, უსაქმურების ხანმოკლე შფოთისა და დროსტარების ადგილებად". ცხვრის ხორცი უამრავი საუკუნეა დუღს ქვაბში, ღმერთს კი მისთვის პირი ჯერ კიდევ არ მიუკარებია...

მოამზადა ლალი ფაციამ

AMBEBI.GE

იხილეთ ასევე|"დღეს ჩემთვის საქართველოში ყველაზე პირსისხლიანი და წარმართული "დღესასწაულია" - თამარ ივერი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია