ბელორუსმა სამართალდამცველებმა სპეცნაზის დახმარებით წარმოშობით ქართველი 45 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში ძებნაში იმყოფებოდა. დაკავებული ამჟამად რუსეთის მოქალაქეა და ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის დირექტორია. მილიცია მის სახელსა და გვარს არ ასახელებს.
გამოძიების მონაცემებით, დაკავებულის სამშენებლო კომპანიამ, რომელიც მონაწილეობას იღებდა ამურის ოლქში კოსმოდრომის მშენებლობაში, 4 მილიონი რუბლი არამიზანმიმართულად გახარჯა. ხელმძღვანელი თანამშრომლებს ნახევარი წლის მანძილზე ხელფასს არ უხდიდა, რის გამოც მუშებმა შიმშილობა დაიწყეს. სამაგიეროდ, სამშენებლო კომპანიის დირექტორი მინსკში "მერსედესის" ავტომანქანით დაქროდა, რომელიც მთლიანად "სვაროვსკის" თვლებით იყო დაფარული.