"საშუალო სიმაღლის კუბიკებიანი პერანგით", -ეს იმ ადამიანის დამახასიათებელი ნიშნებია, რომელმაც ზელმიხან ხანგოშვილს რამდენიმე დღის წინ 4-ჯერ ესროლა.
ხანგოშვილი, რომელიც ამ დრომდე რესპუბლიკურ საავადმყოფოში პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ მკურნალობის პროცესს გადის, "პოსტსკრიპტუმთან" მომხდარის დეტალებს იხსენებს.
ხანგოშვილი ამბობს, რომ პირი რომელმაც მას 4-ჯერ ესროლა, სახეზე არ დაუნახავს.
"რომ დაიწყო სროლა თავი ჩავწიე და ხელი ამოვწიე. სროლა შეწყდა თუ არა თავი ამოვწიე ავხედე და გარბოდა. ზურგიდან საშუალო ტანის იყო და კუბიკებიანი პერანგი ეცვა,"- ამბობს ხანგოშვილი.
მასზე თავდასხმის მიზეზებზე საუბრისას ხანგოშვილი გამორიხცხავს კავშირს ლაფანყურის სპეცოპერაციასთან თუმცა არ გამორიცხავს, რომ მომხდარი რუსეთ-ჩეჩნეთის ომს უკავშირდებოდეს. როგოც ხანგოშვილი აღნიშნავს ის რუსეთში ძებნილია.
წარმოშობით ჩეჩენი ზელიმხან ხანგოშვილი პანკისის ხეობიდანაა. მისი სახელი რუსეთში ჩეჩნეთის ომს უკავშირდება, რომელშიც ზელიმხანი საველე მეთური იყო. სწორედ ამ ომში მონაწილეობის გამო მოსკოვისთვის ის ძებნილია. უსაფრთხოებისთვის საქართველოში თორნიკე ქავთარაშვილის სახელით ცხოვრობს.
ზელიმხან ხანგოშვილი ლაფანყურის სპეცოპერაციასთანაც არის დაკავშირებული. ის იყო ერთ-ერთი ვინც მთაში გამაგრებულ მებრძოლებთან მოლაპარაკებაზე იმყოფებოდა.
თბილისში, დღისით, ქუჩაში, ჩეჩენი მებრძოლისთვის ღიად ცეცხლის გახსნამ, ამ თავდასხმის რამდენიმე ვერსია გააჩინა.
პირველი: რუსული სპეცსამსახურების შურისძიება ჩეჩნეთის ომში მონაწილეობის გამო.
მეორე: ლაფანყურის ოპერაციის მსხვერპლთა ნათესავების ან სხვა დაინტერესებული პირების შურისძიება.
მესამე: შესაძლო დაპირისპირება იმ ჯგუფებს შორის, რომლებიც საქართველოდან სირიაში დაქირავებულ მებრძოლებს აგზავნიან.
ავტორი: პაატა იაკობაშვილი, "P.S", "რუსთავი 2"