სერიალის - "ჩემი ცოლის დაქალებისთვის" მსახიობების შერჩევა კასტინგ-მენეჯერის, მარჯანიშვილის თეატრის მსახიობ ეკა მჟავანაძის პრეროგატივაა...
ის არა მარტო ამ სერიალისთვის, არამედ კინოგადაღებებისთვისაც არჩევს არტისტებს. მაგალითად, ცოტა ხის წინ რეზო ესაძის ფილმის გადასაღებ მოედანზეც აღმოჩნდა, სადაც გარდა იმისა, რომ მსახიობები შეარჩია, რეჟისორმა როლიც მისცა. ამ ინტერვუს ჩაწერა სწორედ გადასაღებ მოედანზე, შესვენების დროს შევძელით.
- "ფორმულა კრეატივთან" 10 წელზე მეტია, ვთანამშრომლობ. პირველად მე და ბიძინა მახარაძე სერიალში - "საპონი" გვათამაშეს. იმ პერიოდში ბიჭები ყველა მსახიობს არ იცნობდნენ და ამ კუთხით, ცოტა გამოუცდელებიც იყვნენ. ვინაიდან კასტინგ-მენეჯერი არ ჰყავდათ, რაღაცებს მეკითხებოდნენ და როცა სერიალის სცენარს ვკითხულობდი, მათ რაღაცებს ვურჩევდი ხოლმე. მოგვიანებით მთხოვეს, სერიალი -"გოგები და ბიჭები" "აგვაწყობინეო". დავნიშნეთ კასტინგი, მერე კი გადასაღებ მოედანზე - მე, გიორგი ლიფონავა და გია ცინაძე ვმუშაობდით. სწორედ იმ პერიოდში შემარქვეს "დედა", რადგან საჭმელი, დალაგება, ჩხუბი, შენიშვნა, საქმეების მოგვარება ჩემს მხრებზე გადადიოდა. 24 საათი ერთად ვიყავით, ის პერიოდი კარგად მახსენდება. მერე "ფორმულა კრეატივი" გაიზარდა, თანამშრომლები შემოგვემატნენ. ახლა "ჩემი ცოლის დაქალებისთვის" მსახიობებს კი ვარჩევ, მაგრამ გადაღებებზე არ დავდივარ, ასე შევთანხმდით. უბრალოდ, დაწერილ სცენარს მიგზავნიან, მე კი მისი წაკითხვა და როლისთვის შესაფერისი მსახიობის პოვნა მევალება... თუნდაც პატარა ეპიზოდი ჰქონდეს შესასრულებელი, არტისტი ყურადღებით უნდა შეირჩეს.
- როგორც ჩანს, კარგად იცნობთ ჩვენი თეატრების მსახიობებს.
- მარჯანიშვილის თეატრში აღარავინ დამრჩა, ამ სერიალში რომ არ მიეწვიოთ (იცინის)... ახლა რეზო ესაძესთან ერთად ვიღებთ ფილმს და აქაც კასტინგი მაბარია. ბედნიერი ვარ, რომ ამ რეჟისორთან ჩემი ურთიერთობა შედგა. მისი ფილმისთვის მსახიობების თითქმის 99% მე შევარჩიე. ვინც შევთავაზე, ყველა დაამტკიცა და ჩემმა ალღომ გაამართლა კიდეც. რეზო ესაძესთან მუშაობით ბევრი რამ ვისწავლე. გული მწყდება, რომ ამქვეყნად მისნაირი ადამიანი ცოტაა, ის ხომ დიდი შემოქმედია!
ასევე, ვიმუშავე რეზო გიგინეიშვილის ფილმებზე და მთელი საქართველო მოვიარე, უამრავი ადამიანი გავიცანი. რეგიონების თეატრებში წარმოდგენებს ვესწრებოდი, თეატრალურ უნივერსიტეტშიც ლამის ყველა სტუდენტი გავიცანი და მათ ხშირად ვიწვევ ხოლმე. ახალგაზრდებს ვთხოვ, მოვიდნენ და "მასოვკაზე" იმუშაონ, კამერას შეეჩვიონ.
- მოკლედ, სულ ძიებაში ხართ, არა?
- კი, სულ ვფიქრობ და ვეძებ. ვფიქრობ ყველგან, სამზარეულოში ფუსფუსის დროსაც კი და სხვათა შორის, სადილის მომზადებისას იდეა ბევრჯერ მომსვლია...
- თქვენი შერჩეული პერსონაჟები ყოველთვის მოსწონთ თუ ზოგჯერ შემოქმედებითი ჯგუფი განიხილავს ამა თუ იმ მსახიობის მოწვევა-არმოწვევის საკითხს?
- როგორ არა, მსჯელობენ ხოლმე თითოეულ კანდიდატურაზე და თუ მეც ცოტა ეჭვი შემეპარება, ვამბობ ხოლმე, რომ სინჯი ჩავწეროთ. ეს არის დიდი შრომა, ნერვიულობა, პასუხისმგებლობა. მადლობა ღმერთს, მსახიობების უმრავლესობა იმედს არ გვიცრუებს.
- ამ სერიალის პოპულარობაში დიდი წვლილი მიუძღვის ყველასთვის საყვარელ, აწ გარდაცვლილ კოტე თოლორდავას. საინტერესეოა, რა დაინახეთ მასში ისეთი, რის გამოც სერიალში მიიწვიეთ?
- კოტე ნიჭიერი კაცი იყო და ბევრი კარგი როლის თამაში შეეძლო. მე ის სპექტაკლით - "ტანგო ნაბიჭვართან" გავიცანი, რომელიც მარჯანიშვილის თეატრში იდგმებოდა და კოლეგებმა მირჩიეს: კოტე თოლორდავა ნიჭიერი ბიჭია, სპექტაკლი ნახეო. ვნახე და მომეწონა! იმ გაზაფხულზე "ვგიკის" სტუდენტი ჩამოვიდა - "აბეკა სტუდიასთან" წინასადიპლომო მოკლემეტრაჟიანი ფილმის გადაღება უნდოდა და კოტეს შევეხმიანე. რა თქმა უნდა, როლზე დაამტკიცეს. მერე ჩვენი სერიალი დაიწყო და როცა მითხრეს, ნინო გაჩეჩილაძის პერსონაჟისთვის მეორეხარისხოვანი ტიპი გვინდა, რომელიც ცოტა "მოძველბიჭო", ცოტა "ბაბულიკა" უნდა ყოფილიყო, ბევრი ვიფიქრეთ და ვთქვით, რომ შეიძლებოდა, ეს კოტეს ეთამაშა. მერე ის სერიალის ერთ-ერთი ვარსკვლავი, წამყვანი გმირი გახდა, რადგან ხალხს ძალიან შეუყვარდა. დიტოს როლმა მას გზა სხვა პროექტებისკენაც გაუკვალა... აქვე დავძენ: მოგეხსენებათ, გიორგი ლიფონავა გადასაღებ მოედანზე მუშაობს, სცენარს კი ქეთი დევდარიანი წერს. რომ არა ეს ადამიანები, სერიალი პოპულარული ვერ იქნებოდა.