ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ოქროპირიძე აღნიშნული მკვლელობის საქმეში შს ყოფილი მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის ფაქტორზე საუბრობს.
როგორც ოქროპირიძემ დღეს სასამართლოში ნაფიცი მსაჯულების წინაშე ჩვენების მიცემისას განაცხადა, მკვლელობა მას არ ჩაუდენია და ინფორმაცია აქვს, რომ ლაშა მახარაძის მიმართ გასროლა განახორციელა ვლადიმერ ბერძენიშვილმა, რომელიც ჭიკაიძის ნათესავია. ოქროპირიძის დაკითხვა საქალაქო სასამართლოში დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს. პროცესი, მოსამართლის გადაწყვეტილებით გუშინ დაიხურა იმ მოტივით, რომ დარბაზის მხრიდან პროცესისთვის ხელისშეშლა ხდებოდა. ჩვენების დეტალებზე კი ჟურნალისტებს ინფორმაცია ადვოკატმა და პროკურორმა გააცნეს.
როგორც ადვოკატმა მათე ხარჭამაძემ განაცხადა, მის დაცვის ქვეშ მყოფმა დღეს მიცემული ჩვენების დროს ისიც აღნიშნა, რომ ვლადიმერ ბერძენიშვილი მკვლელობის შემდეგ მივიდა ოქროპირიძესთან და სთხოვა დახმარება, იმ დროისთვის მის ავტომობილზე არსებული რუსული ნომრების შეცვლაში და იმ იარაღის გადამალვაში, რომლითაც განახორციელა გასროლა.
"ის ამბობს, რომ იმყოფებოდა აბაშიძის ქუჩაზე ერთ-ერთი სახლის ეზოში, რა დროსაც მასთან მივიდა ბერძენიშვილი და უთხრა, რომ ლაშა მახარაძე ვნახეთ "მივუსვითო". ამაში იგულისხმობდა ის, რომ ბერძენიშვილმა განახორციელა მახარაძის მიმართ გასროლა, შემდეგ ოქროპირიძეს სთხოვა დახმარებოდა იარაღისა და რუსული სანომრე ნიშნების შეცვლაში, ასევე ოქროპირიძემ ისიც აღნიშნა, რომ ავტომობილი, რომელსაც ბერძენიშვილი ფლობდა და რომელიც მკვლელობის ადგილას არის დაფიქისრებული, ბაგებში წყნეთის გზაზე ჭიკაიძის საცხოვრებელი სახლის ფარეხში იპოვეს", - განაცხადა ადვოკატმა.
მისივე თქმით, ბრალდებულმა ისაუბრა მის მიმართ ლაშა მახარაძის მკვლელობამდე განხორციელებულ ზეწოლაზე. კერძოდ, ოქროპირიძემ აღნიშნა, რომ მკვლელობამდე იგი საბურთალოს პოლიციის თანამშრომლებმა წაიყვანეს "თაღლაურასთან", სადაც ავტომობილში იმყოფებოდა შს მაშინდელი მინისტრი ალექსანდე ჭიკაიძე, ჩაისვეს ავტომობილში და მას შესთავაზეს, რომ ყოფილიყო ზონდერი. უარის შემდეგ კი, როგორც ადვოკატი ამბობს, ოქროპირიძის მიმართ ხორციელდებოდა მუქარა და ზეწოლა. "სწორედ ამ ფაქტს უკავშირებს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი იმას, რომ შეუთითხნეს ბრალდება", - განაცხადა მათე ხარჭამაძემ.
პროცესზე გამოცხადებული შესვენების დროს კომენტარი გააკეთა საქმის პროკურორმა ნიკოლოზ ნინიძემაც, რომელიც ამბობს, რომ დღეს ბრალდებულის მიერ მიცემულ ჩვენებაში არ არსებობს მტკიცებულებები, შესაბამისად, პროკურორი დაუსაბუთებლად მიიჩნევს ბრალდებულის მიერ გახმოვანებულ ინფორმაციას.
"ოქროპირიძემ თქვა, რომ ის პირადად ჭიკაიძის ავტომანქანაში გაესაუბრა და შესთავაზეს, რომ ზონდერი ყოფილიყო, რაც ალბათ, ყოველგვარ აზრს არის მოკლებული. ეს არის ბრალდებულის მიერ გამოგონილი ფაქტები და არ არსებობს არანაირი მტკიცებულება. მან თქვა რომ 2014 წლის 2 სექეტემბერს იმყოფებოდა მის სახლთან ახლოს ერთ-ერთ ეზოში, როდესაც ბერძენიშვილი მივიდა მასთან და უთხრა, რომ ლაშა მახარაძეს ესროლა ცეცხლსასროლი იარაღით. მან ასევე თქვა, რომ მკვლელობის ფაქტი მას ნანახი არ აქვს და მოისმინა ბერძენიშვილისგან თითქოს ბერძენიშვილმა მოახდინა მისი მიმართულებით გასროლა. ასევე ოქროპირიძემ აღნიშნა ის, რომ ამის შემსწრე იყო არაერთი ადამიანი, თუმცა სად არიან ეს ადამიანები, არავინ არ იცის. დაცვის მხარეს მათი დაკითხვა და შემდეგ სასამართლოში წარმოდგენა არც კი უცდია", - განაცხადა პროკურორმა ნიკოლოზ ნინიძემ.
ჟურნალისტების შეკითხვაზე, რატომ არ არსებობს მკვლელობის მიმდებარე ტერიტორიიდან ამოღებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერები საქმეში, პროკურორმა აღნიშნა, რომ გამოძიების ფარგლებში დაკითხულია მოწმე, რომელიც არის იმ ლომბარდის თანამშრომელი, რომელიც მდებარეობს აბაშიძის ქუჩაზე, იქ სადაც მკვლელობა მოხდა. პროკურორის თქმით, აღნიშნულმა მოწმემ აღნიშნა, რომ მახარაძის მკვლელობის დღემდე ანუ 2 სექტემებრამდე რამდენიმე დღით ადრე კამერები არ ფუნქციონირებდა და ამოქმედდა მას შემდეგ რაც გამოცვალეს პროცესორი, ანუ მკვლელობის დღის შემდეგ. პროკურორის ინფორმაციით, გამოძიებამ ამოიღო შედარებით მოშორებით არსებული სთვალთვალო კამერის ჩანაწერი, თუმცა როგორც ნიკოლოზ ნინიძე აცხადებს, აღნიშნულ ჩანაწერს ცუდი ხილვადობა აქვს.
საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ გიორგი ოქროპირიძის დაკითხვა ნაფიც მსაჯულების პირობებში შესვენების შემდეგ განახლდება.