გორში, რესტორან "ნაჭარმაგევში" სპეცრაზმელებსა და შს მთავარ სამხარეო, ასევე, გორის სამმართველოს თანამშრომლებს, მათ შორის ხელმძღვანელ პოსტებზე მყოფ პირებს შორის, 2015 წლის აპრილის ბოლოს მასშტაბური დაპირისპირება მოხდა.
"ეს იყო სასტიკი ჩხუბი. იქ იყვნენ ცოლები, ახლობლები, მერე მოვიდნენ სამმართველოების უფროსები, ისინიც ჩაერთვნენ ცემა-ტყეპაში. სპეცრაზმელებს სასტიკად გაუსწორდნენ. ვერ გავიგეთ, რა დააშავეს, მაგრამ რაღაცის გამო, ფაქტობრივად, დასაჯეს", - ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი, რომელიც იმ დროს რესტორანში იყო.
რესტორანში მომხდარი ცემა-ტყეპის შემდეგ რეგიონის პოლიციის უფროსის თანამდებობა გიორგი ლოთუაშვილმა დატოვა. მისმა პოლიციელებმა სპეცრაზმელებს სძლიეს. ლოთუაშვილი დაპირისპირებას არ ესწრებოდა, თუმცა თანამდებობა შს მინისტრის გადაწყვეტილებით მაინც დატოვა. მას გუნდი "გაჰყვა", მათ შორის გორის შს სამმართველოს უფროსი.
ლოთუაშვილის ნაცვლად თანამდებობაზე იაგო საური დაინიშნა. ეს უკანასკნელი თავის დროზე, სკანდალების ფონზე უწყებიდან გაუშვეს და, თანაც, კადრების განყოფილებაში.
"ამ ამბავს სპეცრაზმის უფროსი "მიაწვა" და ღირსების აღდგენის მიზნით რეგიონის პოლიციის უფროსის გათავისუფლება სამინისტროში მოითხოვა", - ამბობს qartli.ge-ის წყარო.