სასწრაფო დახმარების დაგვიანებაზე ლაპარაკობდნენ გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში მომხდარი ავტოკატასტროფის თვითმხილველებიც. იქ "აუდისა" და "ვაზ 24-ის" შეჯახებისას, 5 ადამიანი უმძიმესად დაშავდა, ერთი თვის ჩვილი და 40 წლის გოგიტა წოდოლაშვილი კი გარდაიცვალნენ.
ორი დღის წინ უმძიმესი ავტოავარია მოხდა სენაკი-ფოთის საავტომობილო მაგისტრალზე, სოფელ ჭალადიდში, რომელსაც ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. "ჰიუნდაის" მარკის ავტომანქანა ახალგაზრდა ქალს შეეჯახა, რომელსაც ორი მცირეწლოვანი ბავშვი ახლდა. შეჯახების შემდეგ, მანქანა ქუჩის მეორე მხარეს თხრილში ჩავარდა. ადგილზე გადაიცვალნენ 30 წლის ქალი და ბავშვები, რომელთაგან ერთი - ქალბატონის შვილი, მეორე კი მაზლის შვილი იყო...
ჩვენ დაღუპული ქალბატონის ოჯახის ახლობელს ვესაუბრეთ:
- მზიას შვილი და მაზლის შვილი ბაღში მიჰყავდა. იმ ადგილს, სადაც ეს ტრაგედია მოხდა, დაწყევლილს ვეძახით, რადგან უამრავი უბედურება მოხდა უკვე, უმეტესად იმიტომ, რომ გზის ეს სახიფათო ნაწილი სათანადოდ არ არის მიხედილი... კიდევ რამდენი ტრაგედია უნდა დატრიალდეს, რომ ვინმემ ყური შეიბერტყოს.