"თუ "ოთხეულის" გადაწყვეტილება საზოგადოებაში გარკვეული პოპულარობით ისარგებლებს, იგივე გადაწყვეტილებას სხვა "ნაციონალებიც" მიიღებენ."
"მეორე დღეა მოთმინებით ვადევნებ თვალს იმ გამოხმაურებას, რომელიც ჩემი და ჩემი კოლეგების "ნაციონალური მოძრაობიდან" წამოსვლას მოჰყვა. უამრავი პატივსაცემი და გასათვალისწინებელი აზრი მოვისმინე, მრავალი შეფასება, ბევრი ვარაუდი და ცოტაც - იაფფასიანი სისულელე. ხვალ, როგორც შეთანხმებულები ვიყავით, გამოვაქვეყნებთ განცხადებას და გავაკეთებთ საჯარო განმარტებას იმ მიზეზებზე, რის გამოც რეალურად გადავდგით ეს, არც თუ ისე მარტივი და კარგად გასაზრებული ნაბიჯი.
როგორც გუშინ ზურა ჯაფარიძემ ხაზგასმით აღნიშნა - "ჩვენთვის არ შეცვლილა ღირებულებები, არც ქვეყანაში არსებული რეალობის აღქმა, არც პოლიტიკური ხედვები და არც პოლიტიკური მოწინააღმდეგე." დანარჩენს უახლოესი მომავალი გვაჩვენებს.
წინ მნიშვნელოვანი საქმეებია." – წერს "ფეისბუქგვერდზე," აწ, უკვე ყოფილი "ნაციონალი" დეპუტატი გოგა ხაჩიძე. ჯერჯერობით ყოფილ კოლეგებს, "ნაციონალური მოძრაობიდან" წასული ლიდერები სწორედ სოციალური ქსელების საშუალებით ელაპარაკებიან.
როგორც იცით, პარტია სულ ახლახან არჩეულმა აღმასრულებელმა მდივანმა, პარტიის კიდევ სამ აქტიურ ლიდერთან, ერთად დატოვა - ზურაბ ჯაფარიძე, პალიკო კუბლაშვილი, გოგა ხაჩიძე და გიორგი მელაძე ყოფილ სახელისუფლო გუნდში აღარ ირიცხებიან. რატომ დატოვა პარტია "ოთხეულმა", კონკრეტული მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია - "ნაციონალურ მოძრაობაში" ამტკიცებენ, მათ გარე ზეწოლას ვერ გაუძლეს და ივანიშვილისთვის სასარგებლო ნაბიჯი ამიტომ გადადგესო, თავად "წასულები" კი, როგორც ხაჩიძის "ფეისბუქგვერდიდანაც" ირკვევა, ჯერჯერობით იმ რეზონანს აკვირდებიან, რაც მათ წასვლას მოჰყვა. "უპასუხისმგებლო", "არაერთიკური", "არასწორი" - მრავალი ასეთი ეპითეტით შეფასეს უკვე ყოფილი თანაგუნდელების ნაბიჯი "ნაციონალურ მოძრაობაში."
და მაინც რა პროცესები დაიწყო ქვეყნის პირველ ოპოზიციურ ძალაში? ზუსტი პროგნოზის გაკეთება, ამ ეტაპზე, რთულია, თუმცა ფაქტია, რომ ოპოზიციურ ფლანგზე სტაგნაცია დასრულდა და ძალაუფლების გარეშე დარჩენილი პარტიები მმართველი კოალიციის ჩასანაცვლებლად მომზადებას აქტიურად იწყებენ.