მირანდა შელია საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელისა და რუმინეთის პირველი ლიგის კლუბ "კლუჯის" ფეხბურთელის - გიორგი ჭანტურიას მეუღლეა. მირანდას რუმინელები ცნობილ მოდელს, ირინა შეიკს ამსგავსებენ.
ფეხბურთელის მეუღლემ გულახდილად გვიამბო, რომ მისი და გიორგის სიყვარულის ამბავი ვირტუალური ურთიერთობით დაიწყო.
- რუსეთში დავიბადე და გავიზარდე, მაგრამ მშობლებს საქართველოში ხშირად ჩამოვყავდი. ძალიან მიყვარს ჩემი სამშობლო. მე სულით ხორცამდე ქართველი ვარ და მიყვარს ყველაფერი ქართული... გიო სოციალური ქსელით გავიცანი. პირველად თავად მომწერა. როგორც მოგვიანებით გამომიტყდა, უცხოელი ვეგონე.
- თუ გახსოვს, პირველად რა მოგწერა?
- მნიშვნელოვანი არაფერი. უბრალოდ, მომწერა, რომ ძალიან მოვეწონე და ჩემი გაცნობა უნდოდა.
- გაუხარდა ალბათ, ქართველი რომ აღმოჩნდი...
- რა თქმა უნდა, ძალიან გაუხარდა... იმ დღეს, როცა პირველად მომწერა, დიპლომის დასაცავად ვემზადებოდი და თავში "ვულკანი" მქონდა. თუმცა, რატომღაც მისთვის ცოტაოდენი დრო მაინც გამოვნახე და ვუპასუხე.
- რამდენი წლის იყავი, როცა გიორგი გამოჩნდა შენს ცხოვრებაში?
- 20-ის ვიყავი. ვირტუალური ნაცნობობიდან 2 კვირაში, გიო ჩემს სანახავად რუსეთში ჩამოფრინდა, რამაც ძალიან გამაკვირვა და ამავდროულად, მისი საქციელი საოცრად მომეწონა. აი, ასე დაიწყო ჩვენი ურთიერთობა რეალობაში. ერთმანეთს შესანიშნავად გავუგეთ, ბევრი საერთო ნაცნობი აღმოვაჩინეთ და ძალიან დავახლოვდით.
- როცა ერთმანეთი გაიცანით, გიორგი ეროვნული ნაკრების წევრი ჯერ კიდევ არ იყო, არა?
- მაშინ საქართველოს ნაკრებში არ თამაშობდა, ვლადიკავკაზის გუნდ "ალანიაში" იყო. სხვათა შორის, იქ ბევრი გულშემატკივარი ჰყავდა, იქაურებს ძალიან უყვარდათ. ნანახი მაქვს, მატჩის დროს რა ხდებოდა, როგორ ამხნევებდნენ გიორგის ტრიბუნებიდან და ცხადია, ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო.
- რამდენი ხანი იყავით შეყვარებულები?
- შეყვარებულები სულ რაღაც, 3 თვე ვიყავით. ბევრისთვის შეიძლება, ოჯახის შესაქმნელად ეს დროს ძალიან ცოტა იყოს, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში, სიყვარულის ძლიერმა ძალამ დააჩქარა ერთად ყოფნის პროცესი. როცა ნამდვილი და წრფელი სიყვარული იბადება, მას გამოსაცდელად დიდი დრო არ სჭირდება.