Google-მა დამოუკიდებლობის დღე ჩვენს ქვეყანას სპეციალური doodle-ით მიულოცა, რამაც მთელი საქართველოს აღფრთოვანება გამოიწვია.
როგორც გაირკვა, სურპრიზის იდეის ავტორი 22 წლის ქართველი ახალგაზრდა, ნინუცა ნანიტაშვილია, რომელიც თბილისში Google-ს დეველოპერების ჯგუფის დამფუძნებელი და ერთ-ერთი მენეჯერი გახლავთ.
როგორ მიაწვდინა ხმა იდეის ავტორმა Google-ს, ამის შესახებ ჩვენს მკითხველს თავად უამბობს:
- საქართველოში არის არაფორმალური ჯგუფი, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი მე ვარ. ეს არის მოხალისე ქომიუნითი, გვინდოდა გარკვეული ხიდის ფუნქცია შეგვესრულებინა საქართველოსა და Google-ს შორის და რაღაც საკითხები მიგვეტანა. ერთ-ერთი საკითხი იყო დამოუკიდებლობის დღე, კომპანიის რამდენიმე თანამშრომელთან გვქონდა მიმოწერა, რამდენიმე იდეა შევთავაზეთ საქართველოს შესახებ და ერთ-ერთი პირველი იყო საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. იმედი მაქვს სხვა ასპექტებშიც განვავითარებთ თანამშრომლობას.
- თქვენთვისაც მოულოდნელი იყო ეს?
- სიმართლე გითხრათ, გამიკვირდა. რამდენიმე თვის წინ მივწერეთ მათ ამის შესახებ, გარკვეული პერიოდი ვმუშაობდით ამ საკითხზე. ეს ჩემი მოხალისეობრივი სამუშაოა, რომელსაც სამი წელია ვაკეთებ. ამის გარდა ვსწავლობ, ვმუშაობ, სხვადასხვა პროექტებში ვარ ჩართული. მჯერა რომ ჩემი საქმიანობა უფრო განვითარდება, რადგან Google-ის ბევრი თანამშრომელი ჩამოვიდა, ბევრი რამ შეიცვალა ამ წლების მანძილზე. იმედი მაქვს, უფრო დავუახლოვდებით მსოფლიოს თანამედროვე ტექნოლოგიებს.
AMBEBI.GE
თამარ ბოჭორიშვილი