პარტიაში ყოველთვის არის განახლების პროცესი, მით უფრო, როცა არჩევნები ახლოვდება - ახლა ოპოზიციაში ყოფნა რთულია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი წერეთელმა პატრიის სამი ლიდერის პარტიიდან წასვლის თაობაზე დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.
ამასთან, გიგი წერეთელი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მას კონკრეტული ინფორმაცია არა აქვს, ხოლო თუ ამგვარი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ეს საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება.
"ნაციონალური მოძრაობის" კიდევ ერთი წარმომადგენელი, გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ყველაფერი ცნობილი ოთხშაბათისთვის გახდება. "პარტიის შიგნით არის დისკუსია. ჩვენ ვმსჯელობთ სხვადასხვა საკითხზე და გვაქვს ჩვენი პოზიციები. ყველაფერი კარგად იქნება. "ნაციონალური მოძრაობა" ბრძოლას განაგრძობს", - განაცხადა ვაშაძემ.
გავრცელებული ინფორმაციით, "ნაციონალური მოძრაობა" ზურაბ ჯაფარიძემ, სერგო რატიანმა, პავლე კუბლაშვილმა, გიორგი მელაძემ და გოგა ხაჩიძემ დატოვა.
თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახლეები თავსდება.