ევროვიზიის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენლის, ნინა სუბლატის გამოსვლა და მე-11 ადგილი ქართული საზოგადოების საყოველთაო განხილვის საგნად იქცა. კრიტიკულად შეაფასეს მისი სამოსი სასულიერო პირებმა. მათ შორის საზოგადოებისთვის კარგად ცნობილმა არქიმანდრიტმა ანთიმოზმა, რომელმაც სოციალურ ქსელში ასეთი სტატუსი გამოაქვეყნა:
"ვინ ურჩია ნინო სუბლატს, რომ დემონური შესამოსლით და დემონური სახით გამოსულიყო? შე დალოცვილო, ლამაზი გოგო ხარ, ლამაზი კაბა ჩაგეცვა და გემღერა ისე. ეტყობა, უთხრეს ევროვიზია დემონურს აწვება და ესე უფრო მოვხიბლავთო! ვაი ჩვენს პატრონს! დემონიზაციაში მაინც გავასწარით ევროპას".
ამ საკითხზე მსჯელობდნენ "იმედის კვირაშიც", სადაც ქართული შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად სტუდიაში მამა ანთიმოზიც იყო მიწვეული. მას საკუთარ სტატუსთან დაკავშირებით კომენტარი სთხოვეს, რაზეც მამა ანთიმოზმა კიდევ ერთხელ უპასუხა, რომ სუბლატის სამოსი "დემონურ ნიშნებს" შეიცავდა. მის მოსაზრებას არ დაეთანხმა ტელე/რადიო წამყვანი თამუნა მუსერიძე. მათ შორის მცირე კამათი გაიმართა:
მამა ანთიმოზი: ნინოს სიმღერას ვერ შევაფასებ, აქ უფრო კომპეტენტური ხალხი ზის, ვინც შეაფასებს მის სიმღერას. მე გამაოცა თვითონ დადგმამ, მხატვრულმა გაფორმებამ, სიმღერამ და ნინოს ჩაცმულობამ. ეს იყო - დემონოლოგიაში ორმოცი სახელმწიფო მონაწილეობდა და ორმოცივეს გადავასწარით ევროპის ქვეყნებს, ევროპელებიც გავაოცეთ ჩვენი პროვინციალიზმით, ზედმეტი პროვინციალიზმით.
თამუნა მუსერიძე: რაში გამოხატება პროვინციალიზმი, მამაო?
მამა ანთიმოზი: მე სულიერი კუთხით ვუყურებ და ეს ვიზუალი, ჩაცმა, შავი ფორმა და ფრთიანი შავი ანგელოზი, დაცემული ანგელოზის შთაბეჭდილებას ტოვებს. ჩვენ ვიცით, რომ თეთრი ანგელოზი დაეცა მერე ფრთიან შავ ანგელოზად გადაიქცა, დემონად. დემონოლოგია მარტო ჩაცმულობაში და ვიზუალში არ გამოიხტებოდა. თვითონ მთელი მხატვრული გაფორმება...
თამუნა მუსერიძე: მხატვრული გაფორმება დემონურია, ჩვენ ვართ ეშმაკისეულები, საქართველო წარსდგა ეშმაკის ფორმით, რუსეთი წარსდგა ანგელოზის ფომრით, ამიტომ გავიდა რუსეთი მეორე ადგილზე... სად, ვის უნახავს ეშმაკის ჩაცმულობა, მამაო? რა აცვია ეშმაკს, ვინ იცის?
მამა ანთიმოზი: რომ გადავხედოთ მთელ გამოსვლას, დემონოლოგიიდან 5-6 კაბალისტურ ნიშანს განახებთ.
თამუნა მუსერიძე: არამგონია, კაბალისტური ნიშნებით ხელმძღვანელობდნენ ჩვენი წარმომადგენლები. თქვენ თუ იცით ეს ნიშნები, 90% არ იცის.
მამა ანთიმოზი: ეს არ ვიცი. დემონოლოგიით გავაოცეთ ევროპა და მე ეს პროვინციალიზმი მგონია.
თამუნა მუსერიძე: არცერთი პოსტი არ ყოფილა იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი ჩაცმულბა იყო დემონური.
მამა ანთიმოზი: ჩვეულებრივი ბიჭი გამოვიდა, ჩვეულებრივ ჩაცმული, ასევე რუსიც და პირველი და მეორე ადგილები აიღეს. ძალიან ზედმეტი მოუვიდათ ეს დემონოლოგია.
იხილეთ ასევე: "დემონის სახით გამოდის ღმრთსიმშობლის წილხვედრი ქვეყნის წარმომადგენელი" - დეკანოზი ანდრია კემულარია ნინა სუბლატზე