დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, დევიდ ქემერონის განცხადებით, მინისტრთა ხელფასები 2020 წლამდე გაიყინება. "ბი-ბი-სი"-ს ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმა გაზეთ "Sunday Times"-თან ინტერვიუში განაცხადა.
"ჩვენ ყველას ერთად გვმართებს სახელმწიფო დავალიანებების გადახდის საქმეში დახმარება", - აღნიშნა ქემერონმა.
გამოცემა წერს, რომ მინისტრებისთვის ხელფასის გაყინვა წელიწადში 800 ათასი ფუნტი სტერლინგის დაზოგვას გამოიწვევს, რაც მილიონ 239 ათას აშშ დოლარს უდრის.
ამ დროისთვის ბრიტანელი მინისტრების ხელფასი წელიწადში 134 565 ფუნტს შეადგენს, რაც 208 000 აშშ დოლარს უდრის. პრემიერ-მინისტრის წლიური ხელფასი კი 142 500 ფუნტია, რაც 220 ათასი აშშ დოლარის ექვივალენტია.
ამასთან, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ქვეყნის პარლამენტს უკვე მიანიშნა, რომ პარლამენტის ეთიკის კომისიის დასკვნას არ ეთანხმება, რომლის თანახმადაც დეპუტატებს ხელფასი 9 %-ით უნდა მოემატოს.