გრემისხევის თემიდან, სოფელ ქარქუსაანიდან 42 წლის გია სოლაშვილი გაიტაცეს. სოლაშვილი სიდედრის დაკრძალვაზე იმყოფებოდა და ის სოფლის სასაფლაოდან გაიტაცეს. სასაფლაო ე.წ. საზღვართან მდებარეობს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტოში განუცხადეს, სოლაშვილი ოკუპანტებმა დააკავეს საოკუპაციო ხაზის ე.წ. გადაკვეთისთვის. შსს-ს ანალიტიკურმა დეპარტამენტმა მის ხელთ არსებული ინფორმაცია ცხელი ხაზის მეშვეობით უკვე გადასცა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და ელოდება დადასტურებას საოკუპაციო რეჟიმისგან.
"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით კი, იმის გამო, რომ სოფლის სასაფლაო ოკუპირებულ ტერიტორიას ესაზღვრება სოლაშვილების ოჯახი ვერც გარდაცვლილის დაკრძალვას ახერხებს. როგორც ადგილობრივი რწმუნებული განმარტავს, ბოლო ერთი თვის განმავლობაში ეს გრემისხევის თემიდან გატაცების მეხუთე შემთხვევაა.