საგურამოს ტყეში 2015 წლის 31 მარტს ატეხილი ჩხუბის შემდეგ, დაპირისპირებული მხარეები ჯერ სხვადასხვა მხარეს გაიქცნენ, შემდეგ 6-მა ადამიანმა ორი პირი მანქანაში ჩასვა და გორში, ერთ-ერთ ბინაში მიიყვანა. პოლიციამ შეტყობინება მეორე დღეს მიიღო და ხუთი პიროვნება (ერთი მოგვიანებით) გატაცების მუხლით დააკავა. დაკავებულების ადვოკატები აცხადებენ, რომ გატაცება არ ყოფილა, ხოლო ბრალის წაყენება მხოლოდ ჩხუბის გამო უნდა მოხდეს.
პროკურატურის ინფორმაციით, რომელსაც ადვოკატები არ ეთანხმებიან, საგურამოს მიმდებარე ტერიტორიიდან 6-მა პირმა მძევლად 2 ადამიანი - ბადრი წივწივაძე და ზედმეტსახელად ვინმე ,,ბაია" აიყვანა და ქალაქ გორში სავარაუდო გამტაცებლის ბინაში წაიყვანა. ამის გამო, რატი ვართუმაშვილი, ვიტალი ჯიოშვილი, ალიკა ბელიანცი, გურამ ბაგაევი, ზურაბ კარელიძე და სამსონ კაჟაშვილი დააკავეს.
ფაქტი უკავშირდება ავტომანქანის ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებით წარმოქმნილ კონფლიქტს.
კერძოდ, პირველადი ვერსიით, გენადი ყაულაშვილმა, რომელიც ხეობიდან დევნილია, ავტომანქანა "ფოლცვაგენ ჯეტა" მისივე ბავშვობის მეგობარს, ასევე, დევნილ ალიკა ბელიანცს გასაყიდად დაუტოვა. ბელიანცმა ავტომანქანის გაყიდვა და მისი ღირებულების სრულად დაფარვა დათქმულ ვადებში ვერ შეძლო, რაზედაც გენადი ყაულაშვილთან კონფლიქტი მოუვიდა.
"გენადი ყაულაშვილი არასამართლებრივი (გარჩევის) გზით დავის მოგვარებას შეეცადა. მან საქმის გასარჩევად დაიბარა ალიკა ბელიანცი სოფელ საგურამოსთან. შეხვედრის ადგილზე გენადი ყაულაშვილი წარსულში ნასამართლევ ორ პირთან ერთად - ბადრი წივწივაძესთან და ვინმე "ბაიასთან" ერთად მივიდა. მისი მხრიდან სულ 15-მდე ადამიანი იყო. ხოლო ალიკა ბელიანცმა დათქმულ ადგილზე 6 პირი მიიყვანა. აქ შეიძლება ვისაუბროთ სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებაზე და არა ვინმეს გატაცებაზე", - აცხადებს ალიკა ბელიანცის ადვოკატი ნოდარ ცინცაძე.
იხილეთ ვრცლად