სარემონტო სამუშაოების მიზნით გადაკეტილი გზების გამო, დანიშნულების ადგილამდე დაგვიანების გარეშე მიღწევა თბილისში უკვე სერიოზულ პრობლემად იქცა. ავტომობილების მძღოლებსა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრებს საცობებში ყოფნა ხშირად საათზე მეტხანს უხდებათ. მძღოლებს შემოვლითი გზების პოვნა თავად უწევთ, რაც კიდევ უფრო ართულებს ისედაც გადატვირთულ საგზაო მოძრაობას.
მოქალაქეები პროტესტს სოციალურ ქსელებსა და ფორუმებზე გამოხატავენ. "ფეისბუქში" საპროტესტო პოსტს აქვეყნებს რიგითი მოქალაქე, რომელსაც ქუთაისის ქუჩაზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო სამსახურში დააგვიანდა.
"ამას ჰქვია ზუსტად ქალაქი დედამო***ია. მთელი ქალაქი გადათხრილია. გუშინ ეს ქუჩა გადაკეტილი არ იყო, დღეს დილით კი "მარშუტკით" მგზავრობისას ფაქტის წინაშე აღმოვჩნდი, მძღოლი იგინებოდა... როგორც ჩანს, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლებსაც კი არ აქვთ ინფორმაცია, რომელ ცენტრალურ ქუჩებზე მიდის რემონტი. ვითარებაში ადგილზე გარკვევა უწევთ. ხალხიც აყვირდა... მძღოლი იძულებული გახდა ჩიხებში ევლო. ამასობაში სამსახურში დამაგვიანდა, იძულებული გავხდი ვახუშტის ხიდზე ჩამოვსულიყავი და გზა ფეხით გამეგრძელებინა. თუ შენს სამსახურს მეტრო არ უდგება, სახლიდან ორი საათით ადრე უნდა გამოხვიდე. საცობს სურათებს ვუღებდი და ხალხი მანქანებიდან ყვიროდა: "გადაიღე, გადაიღე და ნარმანიას გაუგზავნეო". ოე, მერია!!", - წერს "ფეისბუქის" მომხმარებელი.
ეს მხოლოდ ქალაქის ერთი ქუჩაა. მსგავსი ვითარება პიკის საათებში დედაქალაქის არაერთ რაიონშია.
იხილეთ ასევე: ქუჩები თბილისში, სადაც საცობის გამო გადაადგილება შეუძლებელია