''თუ შენი ქვეყანა არ გიყვარს, შენს დროშას, ჰიმნს პატივს არ სცემ, სხვანაირად ვერ ''თუ შენი ქვეყანა არ გიყვარს, შენს დროშას, ჰიმნს პატივს არ სცემ, სხვანაირად ვერ ითამაშებ დიდ სპორტს. გაგიჭირდება, არ იყო პატრიოტი და იყო კარგი სპორტსმენი'' - ასეთია წყალბურთელ მიშა ბაღათურიას შეხედულება, მას ტრადიციებსა და სტერეოტიპებზე ვესაუბრეთ.
- ზომიერად ტრადიციული ვარ. ბაბუებისგან ბევრი კარგი რამ ვისწავლე და ამ ყველაფერს ვაფასებ. არ შეიძლება, თუნდაც ჩვენი სტუმართმოყვარეობა, ოჯახისა და უფროსის პატივისცემა დავივიწყოთ. თუმცა არის საქართველოში ისეთი ტრადიციები, რომლებსაც არ მივესალმები, მაგალითად, ქელეხი, ასევე არ მომწონს ქორწილში შემწვარმოხარშული ფეხზე მდგომი ცხოველების გამოყვანა, ერთმანეთზე დაწყობილი საჭმელები, ბევრის დალევა - ვედროებით და ა.შ. სუფრის მიმდინარეობა თამადაზეა დამოკიდებული, რამდენჯერმე ჩემი მეგობრების მამებთან ერთად მოვხვდი სუფრაზე, ყველაფერი ზომიერების ფარგლებში იყო, ჭამა-სმა, სიმღერა, გართობა და ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში, ძალიან სასიამოვნოდ დამამახსოვრდა. განსხვავებულიც მისაღებია, ოღონდ ზომიერების ფარგლებში, ფეხსაცმლითა და მსგავსი სისულელეებით დალევა მეტისმეტია და მგონია, რომ ნელ-ნელა ეს ყველაფერი ჩვენს ტრადიციებს უნდა ჩამოშორდეს.
- ზემოთ ოჯახური ტრადიციები ახსენე, წყვილის ქორწინებამდე თანაცხოვრებაზე რას ფიქრობ?
- ამ თემაზე ორმაგი პასუხი მაქვს, წყვილისთვის ქორწინებამდე თანაცხოვრება კარგია, რადგან უკეთ იცნობენ ერთმანეთს, მაგრამ ჩემს დაზე რომ დავფიქრდე, გამიჭირდება, გათხოვებამდე ვინმესთან თანაცხოვრების ნება დავრთო. ძალიან რთულია, როცა ეს შენიანს ეხება, პირადად მე კი თანახმა ვარ, ჩემთვის ვისურვებდი ამას, რადგან მერე და მერე ყველაფერს აადვილებს, თუმცა თუ თანაცხოვრება ფიასკოთი დასრულდა, მერე ხომ იცი, საქართველოში როგორცაა?!.
- სასიყვარულო ურთიერთობაში გენდერულ თანასწორობაზე რას ფიქრობ?
- ეს აუცილებელია, არ შეიძლება, კაცი იყოს დიქტატორი, ყველა საკითხი ჰარმონიულად უნდა გვარდებოდეს, შენი მეორე ნახევარი უნდა ხვდებოდეს, რა გსიამოვნებს და რა – არა. ეს დამოკიდებულება ორმხრივი უნდა იყოს, როგორც შენ არ უნდა აკეთო ის, რაც ქალს არ მოსწონს, ასევე არ უნდა მოიქცეს ისიც.
- ოჯახს მამაკაცი უნდა მართავდეს?
- მამაკაცი უნდა იყოს უფროსი, გადაწყვეტილებებს ოჯახის დანარჩენ წევრებთან შეთანხმების შემდეგ უნდა იღებდეს. ჩემს ოჯახში ასეა, კონსილიუმს ვაწყობთ და ერთად მივდივართ გადაწყვეტილებამდე, მაგრამ ბოლო სიტყვა მაინც მამაკაცს უნდა ეთქმოდეს.
- ჭკვიანი ქალი რას ნიშნავს შენთვის?
- უნდა იყოს ერუდირებული, ზომიერად ნაკითხი, განათლებული და უნდა ჰქონდეს იუმორის გრძნობა, ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს. ჭკვიანი ქალი კარგია, მაგრამ იუმორის გარეშე ის სიჭკვიანეც იკარგება.