იხილეთ ასევე: სასტიკად ნაცემი ხანუმ ჯეირანოვას შვილების ჩვენება - დედას ქუჩაში ცემდნენ, ფეხებით ურტყამდნენ
სიღნაღის რაიონული სასამართლო ხანუმ ჯეირანოვას ქმრის, აჯი გასანოვის საქმეს განიხილავს. 30 წლის ხანუმ ჯეირანოვა 2014 წლის 18 სექტემბერს, სოფელ ლამბალოში ჩამომხრჩვალი იპოვეს. მის თვითმკვლელობას განსაკუთრებული მიზეზი ჰქონდა. მამამისის მონათხრობის თანახმად, მას აჯი გასანოვის ნათესავებმა ქმრის ღალატში დასდეს ბრალი და სასტიკად გაუსწორდნენ - სოფლის მამაკაცებმა, რომელთა შორის ჯეირანოვას მეუღლის ბიძაშვილიც იყო, ქალი სოფელში ფეხშიშველი, ცემითა და ფურთხებით ჩამოატარეს, სასტიკად სცემეს, მერე კი მამას მიუყვანეს, - ჩაიბარეო!
გაერდაცვლილის დედის თქმით, ქალს ცემისაგან ფეხები და ტანი სულ დალურჯებული ჰქონდა. ჯეირანოვას მეუღლე, რომელიც მწყემსია, ამ დროს ფერმაში იყო. ნაცემი და შეურაცხყოფილი ქალი იმ საღამოსვე საგარეჯოს პოლიციის იორმუღანლოს ქვეგანყოფილების თანამშრომლებმა მამის სახლიდან სოფლის რწმუნებულის, მაჰმუდ ალიევის სახლში გადაიყვანეს, რის შემდეგაც ქალის მამამ რწმუნებულს გამუდმებით ურეკავდა, შვილი შინ გამატანეო. ბოლოს და ბოლოს ის სახლში დედამ წაიყვანა, სადაც ახალგაზრდა ქალმა თავი ჩამოიხრჩო.
ხანუმ ჯეირანოვას 10 და 12 წლის ობლები დარჩა. როცა ჯეირანოვას მეუღლე აჯი გასანოვი ფერმიდან დაბრუნდა, სახლში გარდაცვლილი ცოლი და ატირებული შვილები დახვდა.
ეს ტრაგედია პირველად "კვირის პალიტრამ" გაახმაურა. ჰაჯი ჰასანოვი ამ უბედურებას ნათესავებს აბრალებდა:
"მე და ჩემმა ცოლმა 14 წელი სიყვარულით ვიცხოვრეთ. ორი შვილი გვყავს... ცხვარში ვიყავი, ეს ამბავი რომ მოხდა. ჩემმა ბიძაშვილებმა დაიჭირეს ხანუმა, ვიღაც კაზლარელი აზახალას მანქანაში ჩატენეს და სცემეს. ის ბიჭი, აზახალა, გაქცეულა. მერე "ნივაში" გადაუსვამთ და მოუყვანიათ სოფლის ცენტრში. იქ საჯაროდ სცემეს და შეარცხვინეს. ხანუმა შინამდე ფეხშიშველი მოსულა... მთიდან რომ ჩამოვედი, ცოლი მკვდარი დამხვდა. ხანუმა პატიოსანი იყო. ბავშვებს გარდაცვლილი არ ვანახე, არ მინდოდა ასე დამახსოვრებოდათ. რა აზრი აქვს, აწი, ჩემს სიცოცხლეს. არც მშობლები მყავს, ცოლმაც თავი მოიკლა. ამის ღირსი არ იყო ჩემი ცოლი. 16 წლისა მოვიტაცე. 14 წლის სიამტკბილობის შემდეგ ასე დასრულდა ჩვენი ცხოვრება".
- ბევრჯერ ვუთხარი პროკურორს, გამოიძიეთმეთქი. ვერ აიტანა გოგომ შეურაცხყოფა და თავი მოიკლა. ორი ობოლი დარჩა, ახლა მისი ქმარიც ციხეშია. ჩვენ რა ვქნათ, არ უნდა იყოს სამართალი? - კითხულობს ხანუმას მამა ზაჰიდ ჯეირანოვი.
ცოლის დაკრძალვის შემდეგ ჰაჯი გასანოვი, სიმამრთან ერთად, რამდენიმე თვე დადიოდა პროკურატურაში, სახალხო დამცველის აპარატში, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში და იმ ოთხი კაცის დასჯას მოითხოვდა, რომლებიც მის ცოლს სოფელში დაატარებდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ.