bpn.ge დაინტერესდა, თუ რომელი ბრენდის მობილურ ტელეფონებს ყიდულობს ბოლო პერიოდში ქართველი მომხმარებელი ყველაზე ხშირად. როგორც "ელიტ-ელექტრონიქსის" პიარ-მენეჯერმა ნოკა ბაინდურაშვილმა გვითხრა, "ელიტ-ელექტრონიქსში" ყველაზე მოთხოვნადი Apple-ის, Samsung-ისა და HTC-ის მობილურებია.
"თუმცა, "სამსუნგის" გალაქსი ყველაზე პოპულარულია. მომხმარებელს მოსწონს "გალაქსის" ფუნქციებიც და ფასიც. ხშირ შემთხვევაში ჩვენთან ამ ბრენდის ტელეფონებს განვადებით ყიდულობენ", - ამბობს "ელიტ-ელექტრონიქსის" პიარ-მენეჯერი.
ბოლო პერიოდში კომპანია "სმაილიში" ყველაზე გაყიდვადი "სამსუნგის" მობილური ტელეფონებია. მომხარებელთა უმეტესობა "სმაილის" ქსელში საშუალოდ 400-დან 550 ლარის ფარგლებში არსებულ მობილურ ტელეფონებს ყიდულობს. გაყიდული პროდუქციის 35% კი განვადებაზე მოდის.
"ზუმერში" პოპულარობით გამოირჩევა "ლენოვო" სმარტფონები, რომელიც ადგილობრივ მომხმარებელს დაბალი ფასით იზიდავს. როგორც "ზუმერში" გვითხრეს, ყველაზე ხშირად 300-დან 500 ლარამდე ღირებულების მობილურ ტელეფონებს ყიდულობენ და განვადებითაც საკმაოდ ხშირად სარგებლობენ.
"ლენოვოს" სმარტფონებზეა დიდი მოთხოვნა მეგა-ტექნიკაშიც. როგორც მაღაზიის მობილურებისა და ტელევიზორების ბრენდ-მენეჯერი თევდორე თავხელიძე ამბობს, ბოლო პერიოდში ქართველ მომხმარებელში "ლენოვო" მოთხოვნადი ბრენდი გახდა.