საბაჟო გამშვებ პუნქტებზე ბოლო დროს გახშირდა ისეთი შემთხვევები, როცა აკრძალული ნივთების შემოტანა-გატანას უცნაური მეთოდებით ცდილობენ. ნარკოტიკული და კონტრაბანდული საშუალებების საზღვარზე გატანის გარდა, ისეთი ფაქტებიც დაფიქსირდა, როცა ერთი ადამიანი მეორეს ქვეყნიდან გაყვანას ჩანთით ცდილობდა. როგორ მუშაობენ ქართველი მებაჟეები. ამის ესახებ "ambebi.ge"-ს ყაზბეგის და ლარსის გამშვები პუნქტის საბაჟოს უფროსები უამბობენ.
სოსო ქარსელაძე (ყაზბეგის საბაჟოს უფროსი):
- საბაჟო პროცედურები შეგვიძლია ორ ნაწილად დავყოთ. სატვირთო ავტომობილების და ფიზიკური პირების შემოწმება. საბაჟოს თანამშრომლები ახორციელებენ ავტომობილების დათვალიერებას როგორც თვალით, ასევე სხვადასხვა მოწყობილობებით. არის რადიაციის აპარატი, გვაქვს ე.წ. თვალი, რომლითაც სპეციალურ სამალავებში დამალულ ნივთებს ვათვალიერებთ. ასევე სიმკვრივის აპარატი, რომელიც შენიღბული კედლების შემოწმების საშუალებას გვაძლევს. ძალიან გვეხმარება რენტგენის აპარატი, რომელიც სამწუხაროდ დევდორაკის ხეობაში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ მწყობრიდან გამოვიდა. ამის გამო ცოტა გვიჭირს სატვირთოების დეტალურად შემოწმება. თუმცა ხელმძღვანელობა მუშაობს ამ პრობლემის აღმოფხვრაზე. გამოცდილი და კვალიფიციური თანამშრომლები გვყავს, მათი გამოცდილების ხარჯზე ვერავინ მოახერხებს კონტრაბანდული ნივთიერების საზღვარზე გატანას ან შემოტანას. ყაზბეგის გამშვებ პუნქტზე უამრავი დანაშაულის აღკვეთას ვახდენთ.
- უცნაური და რთული შემთხვევები თუ დაფიქსირებულა საზღვარზე?
- როცა დევდორაკის ხეობა ჩამოინგრა რთული პერიოდი იყო, ვიცოდით მთა მოწყდა და ინგრეოდა, საპატრულო პოლიციასთან ერთად ფორს-მაჟორულ სიტუაციაში ვიმუშავეთ და მოვახერხეთ ხალხის დროული ევაკუაცია. ამავე დროს დროულად ვახდენდით საბაჟო კონტროლის განხორციელებას. იყო ასეთი შემთხვევა, როცა ფიზიკურ პირებს არც ავტომობილში და არც თავად არ აღმოაჩნდათ არაფერი, შემოწმების გავლის შემდეგ მებაჟემ შეამჩნია, რომ მათ ჰქონდათ ერთნაირი ზომის და ფორმის ქამრები. აღმოჩნდა, რომ ქამრის ბალთები იყო ოქროსი, შეღებილი და ჩამოსხმული იყო სპეციალურად ქამრებისთვის, რომ არა მებაჟე-ოფიცერის გამოცდილება და დაკვირვება, ამ დარღვევას ვერ აღმოვაჩენდით. საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ჩრდილო-კავკასიელი მამაკაცები ამ ფორმით, საზღვარზე კილონახევარი ოქროს გატანას ცდილობდნენ. სატრანსპორტო საშუალებაში ჰყავთ ხშირად დამალული ადამიანი და ასე ცდილობს ბევრი ქვეყნიდან გასვლას ან საქართველოში შემოსვლას. ოქროს, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების და კონტაბანდული ტვირთის შემოტანის მცდელობის ბევრი ფაქტი ფიქსირდება. ცოტა ხნის წინ, უპრეცედენტო ფაქტი დაფიქსირდა, პიროვნება რამდენიმე კილოგრამი მარიხუანას გადმოტანას ცდილობდა.
- რა ფორმით ცდილობენ აკრძალული მედიკამენტების შემოტანას?
- ბევრი მეთოდი აქვთ. ძირითადად სამალავებში მალავენ, ტანზეც იმაგრებენ. ყოფილა დიდი ოდენობით ვალუტის შემოტანის ფაქტებიც.
- რამდენი დრო სჭირდება შემოწმების პროცედურას?
- რამდენიმე უწყება ამოწმებს კონტროლს საზღვარზე. საპასპორტო კონტროლს და პირის რეგისტრაციას ახორციელებს საპატრულო პოლიცია. ჩვენ ბარგის და ტვირთის კონტროლს ვახორციელებთ. სატვირთო ავტომობილის შემთხვევაში, რომ არ მოხდეს დუბლირება, ერთი ფანჯრის პრინციპით ხდება შემოწმება. ასე რომ, მძღოლს მანქანიდან არც უწევს გადმოსვლა, ის მებაჟეს აწვდის საბუთებს და თუ ყველაფერი წესრიგშია, ავტომობილი გამართულია და იდენტიფიცირება შეიძლება, მხოლოდ 5-6 წუთი სჭირდება შემოწმებას.
გიორგი ჩერქეზია (ნინოწმინდის საბაჟოს უფროსი):
- ნინოწმინდის საბაჟო პუნქტი 2200 მეტრზეა ზღვის დონიდან, შესაბამისად, რთული კლიმატური პირობებია ზამთარში. გახსოვთ ალბათ, როცა 4-5 დღით დაიკეტა გამშვები პუნქტი და 150 ადამიანი დარჩა საზღვარზე, მაშინ მაქსიმალურად დავეხმარეთ მათ. ჩვენმა მებაჟეებმა ამოიღეს 6 კილოგრამი კოკაინი. ამ გახმაურებული ფაქტის შესახებ ყველამ იცის, ორ პიროვნებას წელს ქვევით, ფეხებზე ჰქონდათ შემოხვეული კოკაინი. მებაჟემ შეამჩნია, რომ ორივე ერთნაირად კოჭლობდა და ამიტომ გაჩნდა ეჭვი. მებაჟე ფილოსოფოსიც უნდა იყო, აკადემიკოსიც, ფიზიკოსიც და ქიმიკოსიც. საბედნიეროდ, ასეთი კადრები გვყავს.
თამარ ბოჭორიშვილი