ტვინი ჩვენი კომპიუტერია, მაგრამ უმეტესობა უგულისყუროდ ეკიდება მას და აზრადაც არ მოსდის, რომ ტვინსაც სჭირდება სწორი კვება და ვარჯიში.
ტვინი მუდმივად უნდა ვკვებოთ, რადგან მისი უჯრედები გამუდმებით ითხოვს ენერგიას. ტვინისა და ნერვული უჯრედების კვება უშუალოდაა დამოკიდებული ჩვენ მიერ მიღებულ საკვებზე. ფსიქოემოციური წონასწორობა, რომელიც მიიღწევა სწორად შერჩეული და იმავდროულად გემრიელი საკვებით, ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა არა მარტო შემოქმედებითი საქმიანობისთვის, არამედ ორგანიზმის ყოველგვარი უძრაობის პროფილაქტიკისთვის. ჩვეულებრივი პროდუქტების საშუალებით შესაძლებელია არა მარტო ფიზიკური, არამედ გონებრივი ფორმის შენარჩუნებაც.
სწორი კვება შემოქმედებითი პოტენციალის გაძლიერებაშიც გვეხმარება. ამ თვალსაზრისით შოკოლადს, მაგალითად, ლეღვი სჯობია, თუ მას რეგულარულად მივირთმევთ. ტვინისთვის კარგი საკვებია კვლიავი, ამიტომ შაქრის მაგივრად ჩაის კვლიავი მიაყოლეთ. თუ იდეები შემოგაკლდათ, წიწაკა შეჭამეთ. დღეში ორი ბანანი ასევე გაგიხსნით გონებას და განწყობილებასაც აგიმაღლებთ. მარწყვი ოპტიმისტურ განწყობას დაგიბრუნებთ. დღეში ერთი თეფში გახეხილი, ზეთმოსხმული სტაფილოს სალათა და ანანასის ახალგამოწურული წვენი დიდი მოცულობის ინფორმაციის დამახსოვრებაში დაგეხმარებათ, ხოლო ხანმოკლე მეხსიერების გასაუმჯობესებლად შეუდარებელია ყოველდღიურად ნახევარი ავოკადოს მირთმევა.
დღეში 100 გ კრევეტი და ნახევარი თავი ხახვი აუმჯობესებს ყურადღების კონცენტრაციას, ხოლო გონებრივი შტურმის დაწყებისას შეგიძლიათ დალიოთ ყავა, ლიმონის წვენი ან მიირთვათ ერთი პეშვი მოცვი. ნევროლოგები გვირჩევენ ხმელთაშუა ზღვის დიეტას, რომელიც მოიცავს დიდი რაოდენობით ახალ ხილსა და ბოსტნეულს, ზეითუნის ზეთს, თევზს, ზღვის პროდუქტებს, მცირე რაოდენობით ხორცს და კიდევ უფრო ნაკლებ საკონდიტრო ნაწარმს. რძის ნაწარმიდან ყველას უცხიმო იოგურტი, მაწონი, ნაკლებცხიმიანი ყველი, კეფირი სჯობია. ხმელთაშუა ზღვის დიეტის ნაწილია ღვინოც.
წითელი ღვინო ცნობილია იმით, რომ ზომიერი მოხმარებისას ახდენს სისხლძარღვოვანი დარღვევების პრევენციას. ყურძენი შეიცავს რესვერატროლს, რომლის კონცენტრაცია საგრძნობლად იზრდება ფერმენტაციის (დუღილის) პროცესში. ის ძლიერი ანტიოქსიდანტია, რომლის დადებითი მოქმედება დამტკიცებულია მრავალი კვლევით.