ჩრდილოეთ კორეის მთავრობამ კესონის ეკონომიკურ ზონაში გაერო-ს გენერალური მდივნის, პან გი მუნის ერთდღიანი ვიზიტი გააუქმა. ამის შესახებ "ბიბისი" იტყობინება. პან გი მუნს შეხვედრები უნდა გაემართა კესონის ეკონომიკურ ზონაში, რომელიც ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის ერთობლივ ინდუსტრიულ კომპლექსს წარმოადგენს.
გაერო-ს გენერალური მდივნის თქმით, ოფიციალური ფხენიანის გადაწყვეტილება სამწუხაროა და მას ახსნა არ აქვს. ვიზიტის განხორციელების შემთხვევაში პან გი მუნი იქნებოდა გაერო-ს პირველი გენერალური მდივანი, რომელიც ბოლო 20 წლის განმავლობაში ჩრდილოეთ კორეაში ჩავიდოდა.
ვიზიტის დროს პან გი მუნი ჩრდილოეთ კორეასთან მოლაპარაკებების წამოწყებას გეგმავდა. იგი ასევე კესონის ინდუსტრიულ ზონაში სამხრეთკორეელ ბიზნესმენებთან და ჩრდილოეთკორეელ დასაქმებულებთან აპირებდა შეხვედრის გამართვას. ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის 1950 წლის კორეის ომის შემდეგ დაძაბული ურთიერთობაა. გაერო-ს გენერალური მდივანი კი სამხრეთ კორეელია. იგი ადრე სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა.
თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახლეები თავსდება.