''იმედზე'' მუშაობს ერთი გეი ბიჭუნა, ნიკა ჭავჭავაძე. მიუხედავად იმისა, რომ სასტიკად აკრძალული მაქვს მისთვის, მაინც არ ეშვება პროვოკაციებს და ჯაჯანიძის შოუში მიწვევს.
17 მაისისთვის ამზადებენ კონკრეტულად ''იდენტობის'' წინააღმდეგ გადაცემას. ვთხოვე, თავად გეი ხარ და სამარეს რატომ უთხრი შენსავე თემის ინტერესებს-მეთქი, მაგრამ ამ უთავმოყვარეო გეებს ჩემი შეგონება უშველით? მუშაობს რუსეთი და ბიძინას ტელევიზია, როგორც შეუძლია'',- ეს სტატუსი უფლებადამცველ ირაკლი ვაჭარაძეს ეკუთვნის, ადრესატი – ნიკა ჭავჭავაძე - კი გია ჯაჯანიძის გადაცემა ''სხვა რაკურსის'' ჟურნალისტია.
ვაჭარაძის სოციალურ ქსელში დაწერილ სტატუსს დიდი გამოხმაურება მოჰყვა და უამრავმა ადამიანმა დაწერა კომენტარი. იყვნენ ისეთები, ვინც უფლებადამცველს ამ ნაბიჯს არ უწონებდნენ, რადგამ მან ადამიანის სექსუალური ორიენტაციის შესახებ ღიად დაწერა და ამით მისი უფლებები შელახა. ნიკას ამ თემაზე კომენტარი არ გაუკეთებია და როგორც ჩვენთან საუბარში აღნიშნა, ვაჭარაძეს გადაცემიდან უპასუხებდა.
14 მაისს ეთერში ''სხვა რაკურსის'' მორიგი გადაცემა გავიდა, სადაც მიიწვიეს როგორც სექსუალური უმცირესობა, ასევე საზოგადოების ცნობილი სახეები, რომლებიც გადაცემაში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ვაჭარაძე კი უცხოური გრანტებით მანიპულირებაში დაადანაშაულეს. შოუ შედგა, მაგრამ გაურკვეველი დარჩა ჟურნალისტის ბედი, რომლის სექსუალური ორიენტაციის შესახებ რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში სტატუსი დაიწერა.
რას აპირებს, იჩივლებს თუ არა სასამართლოში, როგორ გადაიტანა ის მძიმე პერიოდი, როდესაც მისი ორიენტაციის შესახებ ყველა ღიად საუბრობდა. ნიკა ჭავჭავაძეს რამდენიმე კითხვით მივმართეთ.
- ირაკლი ვაჭარაძესთან მაშინ პირველად დავრეკე და გადაცემაში დავპატიჟე, მანამდე არანაირი შეხება არ მქონია. არ მიცნობს და როგორ დაასკვნა ჩემი იდენტობა სატელეფონო კავშირით?! სოციალურ ქსელში მის სტატუსზე კომენტარებს თვალს ვადევნებდი, მაგრამ არ შევსულვარ დისკუსიაში.… არ მინდოდა, აფექტში ჩავარდნილს რამე ისეთი დამეწერა, რაც შესაძლოა, ჩემ საწინააღმდეგოდ გამოეყენებინა, რადგან ძალიან ჭკვიანია და სამართლებრივადაც კარგად ესმის ყველაფერი.