გუშინ ვენაში ევროვიზიის ფესტივალის პირველი ნახევარფინალი გაიმართა. ქართველმა კონკურსანტმა ნინა სუბლატმა ტური წარმატებით გაიარა და საუკეთესოთა ათეულში მოხვდა. ნინას გამოსვლას უცხოური პრესა ეხმაურება.
"საქართველო ევროვიზიის სცენაზე 2007 წლიდან გამოდის. 2007 წლის შემდეგ ისინი ფინალში ორჯერ იყვნენ და ღირსეული მეთერთმეტე და მეცხრე ადგილები დაიკავეს. 2009 წელს ამ პატარა ერმა ევროვიზიაზე დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, რადგან იმ წელს კონკურსის მასპინძელი ქვეყანა რუსეთი იყო, საქათველოს წარმომადგენლებს კი ანტი-რუსული პოლიტიკური განცხადებებით დატვირთული სიმღერა ჰქონდათ წარდგენილი.
2013 წელს კონკურსზე წარმატების მიღწევა ცადეს სოფო გელოვანმა და ნოდიკო ტატიშვილმა, თუმცა ყველაფერი მათ სასარგებლოდ არ დასრულდა. მათ 50 ქულა აიღეს და მეთხუთმეტე ადგილზე გავიდნენ. თუმცა ეს პოზიტიური ფაქტიც იყო, რადგან 2012 წელს მათ საერთოდ ვერ შეძლეს მომდევნო ტურში გადასვლა.
შარშან ქვეყანა ჯგუფმა "შინ" და ვოკალისტმა მარიკო ებრალიძემ წარადგინეს - მათ ვერ გაიმარჯვეს.
წელს კონკურსზე საქართველოს ნინა სუბლატი წარმოადგენს სიმღერით "მებრძოლი". რუსეთში დაბადებული ნინა მოდელი გახლდათ და მუსიკალური შოუ "აიდოლის" ქართული ვერსიის გამარჯვებულია. საკუთარ ინსპირაციად სუბლატი ჯენის ჯოპლინს, ბრაიან მოლკოს და ბიორკს ასახელებს. რამდენადაა შანსი, რომ მისმა სიმღერამ მთელს ევროპას მისთის დაამესიჯებინოს?
ქალბატონებო და ბატონებო, ჩვენ უკვე გვყავს გამარჯვებული. არა, ჯერ არ გვყავს, მაგრამ სწორი იქნებოდა მისი გამარჯვება, რადგან სიმღერა ძლიერი, დიდებული და აღმაფრთოვანებელია. სუბლატი ძლიერებას ასხივებს, მაგრამ სამწუხაროდ არა ვოკალურ სიძლიერეს. "მებრძოლი" ევროვიზიის ტრიუმფისთვის დამსახურებული სიმღერაა, მაგრამ ნინას უჭირს მისი ისე შესრულება, როგორც მომენტებშია საჭირო", - ასე ეხმიანება ნინა სუბლატის "ევროვიზიაზე" მონაწილეობას ბრიტანული გამოცემა "მირორი".
"ბი-ბი-სი"-ს ევროვიზიის "ფეისბუქ გვერდზე" ნინა, ჩაცმულობის გამო, პოპულარული ამერიკული სერიალის Game of thrones-ს პერსონაჟ ჯონ სნოუს შეადარეს. სოციალურ ქსელში შესაბამისი ფოტოც ვრცელდება.
ასევე აღსანიშნავია, რომ ამერიკული გამოცემა The Huffington Post-ის დღის ფოტოებში ჯორჯ ქლუნის, პრინც ჩარლზის, ადრიანა ლიმასა და ირინა შეიკის ფოტოების გვერდით ნინას ფოტოც მოხვდა. ნინა ერთადერთი კონკურსანტი აღმოჩნდა ევროვიზიიდან, ვისაც ამ გამოცემამ ყურადღება დაუთმო.