ძველი პრესის გაცნობისას დავრწმუნდით, რომ ყოფითი და საზოგადოებრივი საკითხები, რომელიც დღესაც ძალიან გვაღელვებს ადამიანებს, საუკუნეების წინაც აქტუალური იყო. თუნდაც საუბარი ბავშვთა უფლებებზე, მათ პრობლემებზე, ძალადობაზე, სადიზმზე, გაშვილებაზე და ა.შ. თუ როგორ გამოხატავდა იმჟამინდელი საზოგადოება ამ საკითხებზე თავის პოზიციას, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის არქივში დაცული პუბლიკაციებით მიხვდებით.
1896 წლის 1-ლი დეკემბრის გაზეთ "ცნობის ფურცელში" სათაურით "დატანჯვა 8 წლის ბავშვისა" იტყობინებიან, რომ 1895 წელს თბილისში მცხოვრებმა ვასილ ბაღათუროვმა თავისი დის შვილი, 8 წლის ობოლი ეკატერინე მოახლედ და აღსაზრდელად ვინმე ალექსანდრე ღოღაძეს მიაბარა. წინასწარი შეთანხმების მიხედვით, ბიძამ დაიჯერა, რომ ობოლს ბინაც ექნებოდა, ასწავლიდნენ და ჩააცმევდნენ კიდეც, სანაცვლოდ კი ბავშვი საოჯახო საქმეებში მოეხმარებოდა ოჯახის დიასახლისს. "ხოლო ასე არ ფიქრობდა და სჯიდა კეთილ-მორწმუნე მეუღლე ალექსანდრე ღონღაძისა თამარა ღონღაძე", - წერს გაზეთი და განაგრძობს:
"ამის ფიქრით კაცი მაშინ იქცევა ადამიანად, როდესაც ბევრსა სცემ, გაატყავებ, სულს ამოაძრობ, თავ-ბედს აწყევლინებ. ბევრიც აღარ ახანა და შეუდგა ასეთ წვრთნას პატარა ბავშვისას. იმდენს სცემდა, იმდენს სტანჯავდა საწყალ ობოლს, რომ იმისი ცრემლი და ტირილი უბანს აწუხებდა. ვეღარ შესძლო ამოდენა უბედურების ცქერა აზნაურის ცოლმა ანტონინა ბოლდანიმ, მეზობელმა; შეეცოდა საწყალი ობოლი და ერთ მშვენიერ დღეს წაართვა ძალად ხელიდან საცოდავი ყმაწვილი კეთილ-შობილ ცოლ-ქმართ ღონღაძეებს.
საქმე გამომძიებელს გადაეცა. გამომძიებლის კითხვაზედ მოწამე ლიტვინოვისამ აჩვენა: არა ერთხელ და ორჯერ დამინახავს, რომ თამარა ღოღაძეს დაუსრესია და დაუგლეჯია ყურები ბავშვისთვის, მერე წაუქცევია იატაკზედ, შესდგომია ზედ და იქამდის უცემია წიხლით, ვიდრე ვინმე მიშველებია საცოდავ ბავშვს. სცემდა ბავშვს თვით ბატონი ღოღაძეც. ერთხელ ისე დაარტყა ჯოხი ხელში, - რად გასტეხე ერთი კვერცხიო, - რომ ბავშვი ხელ-ახვეული დადიოდა რამოდენიმე ხანი. უშველებელ ეზოს აგვევინებდნენ და თუ ვერ შესძლებდა საცოდავი დაგვას, დაიჭერდნენ და ცოცხით სცემდნენ. ბავშვის მთელი ტანი დალურჯებული აღმოჩნდა ცემისა და ტყეპისაგან.
იხილეთ გაგრძელება