თბილისის მერის მეუღლეს, ქალბატონ თიკა თინიკაშვილს, ინტერვიუსთვის ვესტუმრეთ. დავინტერესდით, რა პრობლემებს ხედავს დედაქალაქში და, მისი აზრით, რა არის გამოსავალი. თბილისის პირველი ლედი ქვეყნის მდგომარეობის გარდა თავის ცხოვრებაზეც გვესაუბრა. ცოტა ხნის წინ ნარმანიების ოჯახს ახალი წევრიც შეემატა. დღეს უკვე ქალბატონი თიკა სამი შვილის დედაა. დიასახლისობასთან ერთად მუშაობასაც ახერხებს, სოციალურად აქტიურია და მაისში ქალბატონების დასახმარებლად პროექტის განხორციელებას გეგმავს.
- ქალბატონო თიკა, რთულია იყო თბილისის პირველი ლედი?
- საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, თბილისის პირველ ლედის მოვალეობები არ აკისრია. შეიძლება, მან თავისი სურვილით აიღოს რაიმე ვალდებულება საკუთარ თავზე. რა თქმა უნდა, მისასალმებელია, როდესაც იგი ხალხის დახმარებას ცდილობს. ამ დროს ალბათ სასიამოვნოდ დაიღლება კიდეც.
- რა არის ოჯახის ხერხემალი?
- თუ წყვილს სიყვარული არ აკავშირებს, ოჯახის შექმნას აზრი არ აქვს, თუმცა მხოლოდ სიყვარულიც არ არის საკმარისი. ცოლ-ქმარი ერთმანეთს პატივს უნდა სცემდეს და ერთმანეთისთვის გაწეულ ღვაწლს აფასებდეს.
- რით მოგხიბლათ ბატონმა დავითმა სტუდენტობისას?
- ძალიან მოწესრიგებული იყო. გაოცება ვერ დავმალე, როცა გავიგე, რომ ცოლი არ ჰყავდა და თავად უვლიდა თავს. ჩემთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს განათლებას. თუ კაცს ჭკუა აქვს, აღარ ვუყურებ მის გარეგნობას, სტატუსს ან წარმომავლობას. როდესაც დავახლოვდით, თავისი ადამიანური თვისებებითაც მომაწონა თავი.
- ხელი რომ გთხოვათ, ადვილად დათანხმდით?
- იმის მიუხედავად, რომ ძალიან მიყვარდა და ჩემი მომავალი მხოლოდ მასთან ერთად წარმომედგინა, იმწუთასვე მაინც არ დავთანხმებულვარ. დავფიქრდი, ყველაფერი თავიდან ავწონ-დავწონე. მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმისას აუცილებელია წინდახედულობა. ვკითხე საკუთარ თავს, ხომ ნამდვილად მინდოდა გათხოვება? ვიყავით თუ არა მზად მე და დათო ამხელა პასუხისმგებლობის ასაღებად.
- ეჭვიანი ხართ?
- არა. დათო არასდროს მაძლევს საბაბს, მეტიც, ხშირად ვერც კი ამჩნევს, ქალბატონები ინტერესს რომ იჩენენ მის მიმართ. ვერავის დავუშლი, ჩემს ქმარს ნუ უყურებ ან ელაპარაკები-მეთქი. არც ჩემი მეუღლეა ეჭვიანი. გათხოვების შემდეგ მყავდა შემორჩენილი ერთგული თაყვანისმცემლები, მაგრამ მათი აქტიურობა იმდენად სერიოზული არ ყოფილა, რომ ქმარი შემეწუხებინა.