"ქალმა დეტალურად აღწერა, როგორ მოკლა ექიმი. როგორც დადგინდა, ჯერ შინ შეიტყუა, თითქოს ბინა უნდა მიეყიდა. შემდეგ კი თავში 2 ტყვია დაახალა"
XXI საუკუნის დასაწყისში თბილისში დააკავეს ქალი, რომელსაც თავდაპირველად ერთ, გამოძიების დასასრულს კი ოთხ მკვლელობაში ადანაშაულებდნენ. ექსპერტის დასკვნით,"რუსუდან თბილელი ფსიქიკურად ჯანმრთელი იყო".
2001 წლის დასაწყისში დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სამმართველოში შეტყობინება შევიდა, - ფოთის ქუჩის 20 ნომერში მცხოვრები ქალი მოკლესო.
რუსუდან თბილელი, რომელიც თავად დიღმის მასივში ცხოვრობდა, ფოთის ქუჩაზე მარტოხელა ქალს, ვალენტინა ბელიაევას მეურვეობდა იმ პირობით, რომ მისი გარდაცვალების შემდეგ ბინა დარჩებოდა. ერთ დღეს მეურვემ ვალენტინა წაიყვანა და მას შემდეგ მოხუცი აღარავის უნახავს. შეშფოთებულმა მეზობლებმა რუსუდანთან მოიკითხეს. დამწუხრებულმა თბილელმა აუწყა, გარდაიცვალაო (მიცვალებული შინ ესვენა). მეზობლები დაეჭვდნენ - რა მოკლავდა ჯანმრთელ ქალსო და საქმის გასარკვევად პოლიცია გამოიძახეს.
ექსპერტებმა გვამის დათვალიერებისას აღმოაჩინეს, რომ მოხუცი მოკლული იყო - გულმკერდის არეში ორი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. რუსუდანი თავდაპირველად უარყოფდა, შემდეგ აღიარა, რომ ბელიაევა ფოთის ქუჩიდან შინ წაიყვანა და მერე იარაღით მოკლა. თქვა, - ვალენტინა სიცოცხლეს მიმწარებდა, გამუდმებით მეჩხუბებოდა და სხვა გზა არ მქონდაო. როგორც ძიებისას გაირკვა, თბილელმა ბინა თაღლითურად ჩაიგდო ხელში - ნოტარიუსთან ბელიაევას ბინის გადასაფორმებლად თავად ბელიაევა კი არა, სხვა რუსი ქალბატონი მიიყვანა, რომელსაც გაწეული სამსახურისთვის"200 დოლარი გადაუხადა.
როდესაც თბილელმა ბალზამის სპეციალისტი მიიყვანა და მან ცხედარს ნატყვიარები უნახა, შეშინებული გაიქცა. პოლიციაში არ განუცხადებია(?!). ვინაიდან საქმე იმ საღამოსვე გაიხსნა, ბალზამის სპეციალისტი კვალის დაფარვის გამო არ გაუსამართლებიათ(?!). მოგვიანებით გაირკვა, ბელიაევას მკვლელობა თბილელისთვის პირველი არ ყოფილა და გამოძიებას საქმე სერიულ მკვლელთან ჰქონდა.