"ჩემთვის ხელფასი მთავარი რომ ყოფილიყო საქართველოში არ ჩამოვიდოდი", - ამ განცხადებას "პოსტსკრიპტუმთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის ახლადდანიშნული მოადგილე ანა დოლიძე აკეთებს.
დოლიძის განცხადებით, კანადაში ცხოვრების პერიოდში მას ჰქონდა გაცილებით მაღალანაზღაურებადი სამსახური, თუმცა მან გადაწყვიტა, რომ დაბრუნებულიყო საქართველოში და საკუთარი გამოცდილება ქვეყნისთვის გაეზიარებინა.
"მე საქართველოში ნატოს წევრი ქვეყნიდან კანადიდან დავბრუნდი იმისათვის, რომ ჩემი გამოცდილება მოვახმარო ქვეყანას. კანადის სახელმწიფოში იმ თანამდებობაზე, რომელიც მე მქონდა ანაზღაურება ბევრად უფრო მეტი იყო ვიდრე აქ უმაღლესი თანამდებობის პირებს აქვთ. ხელფასი ჩემთვის, რომ მნიშვნელოვანი არ არის და ეს რომ იყოს მთავარი ფაქტორი დღეს მე საქართველოში არ ვიქნებოდი", - აცხადებს ანა დოლიძე.
ანა დოლიძეს პაატა იაკობაშვილმა წლების წინ მომქედ თავდაცვის მინისტრთან დებატები გაახსენა და დაინტერესდა, რას ფიქრობდა დღეს ის სამშვიდობო მისიებში ქართველი ჯარისკაცების მონაწილეობის შესახებ.
"იმ ტელედებატებში მე ვთქვი, რომ მე დავიჯერებ გულწრფელ დამოკიდებულებას იმ შემთხვევაში, როდესაც პოლიტიკური ელიტის შვილები ისევე იქნებიან ჩართულები თავდაცვის სფეროს მშენებლობაში, როგორც სხვა ყველა დანარჩენი. ჩემი კომენტარები მაშინ ეხებოდა ორმაგ დამოკიდებულებას, რომელიც ჰქონდა ერთიან ნაციონალურ მოძრაობას. ყველა საკითხი, რომელიც ეხება საქართველოს თავდაცვის სფეროს მოწესრიგებულია საქართველოს კანონდმებლობით", - აცხადებს ანა დოლიძე.
ანა დოლიძე დღეს აცხადებს, რომ ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილე პირების ადგილზე ყოფნა პატრიოტიზმის ერთ-ერთი გამოვლინებაა.
წლების წინ კი ანა დოლიძე ამბობდა, რომ სამშვიდობო მისიებში ქართველი სამხედროების მონაწილეობა მსხვერპლთშეწირვა იყო.
იხილეთ ასევე: ადამიანი უნდა დაფიქრდეს სანამ რაიმე ტიპის განცხადებას გააკეთებს - დიმიტრი შაშკინი ანა დოლიძეს