17 ივნისიდან საქართველო ციფრულ მაუწყებლობაზე გადადის - ამის შესახებ ტელევიზიით რეკლამებიც გადის და თითქმის ყველას სმენია, მაგრამ დანამდვილებით ცოტამ თუ იცის, რას ნიშნავს ციფრული მაუწყებლობა.
ბევრმა არც ის იცის, რომ თუ ე.წ. სეთ-თოფ ბოქსს არ შეიძენს, 16 ივნისს, 00 საათზე ტელემაუწყებლობა შეუწყდება, თუმცა, ეს ცვლილება მოსახლეობის ნაწილს შეეხება.
მაშ, რა შეიცვლება 17 ივნისიდან ჩვეულებრივი, რიგითი ადამიანისთვის, რომელსაც სურს, საყვარელ სერიალს უყუროს ან უბრალოდ, ტელევიზორის წინ მშვიდი საღამო გაატაროს? - ამის გასარკვევად საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის პრესმდივანს - ხატია ყურაშვილს მივმართეთ და ის შეკითხვები დავუსვით, რომელიც მოსახლეობას ყველაზე მეტად აწუხებს:
- რატომ გადადის საქართველო მაუწყებლობის ახალ სისტემაზე?
- 2006 წელს, საერთაშორისო საკომუნიკაციო გაერთიანებამ მიიღო ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის გეგმა, რომელსაც საქართველოც შეუერთდა. ჟენევის 2006 წლის ხელშეკრულების შესაბამისად, სწორედ მაშინ განისაზღვრა ბოლო ვადა ციფრულ მაუწყებლობაზე გადასასვლელად - ეს თარიღი 2015 წლის 17 ივნისია. ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებლობაზე გადასვლა ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო ვალდებულებას წარმოადგენს.
- რას ნიშნავს ციფრული მაუწყებლობა?
- ეს არის ჩვეულებრივი ტელემაუწყებლობა, უბრალოდ, მისი შემოსვლის შემდეგ სახელმწიფოს ეძლევა საშუალება, უფრო ეფექტიანად გამოიყენოს რადიოსიხშირული სპექტრი. ციფრული მაუწყებლობა საშუალებას იძლევა, ერთ რადიოარხზე, ნაცვლად ერთისა, ერთდროულად გავრცელდეს 15 სამაუწყებლო არხი. ეს აძლევს სახელმწიფოს გამოთავისუფლებულ რადიოსიხშირულ სპექტრს, რომელიც ამოწურვადი რესურსია და საკმაოდ ფასეულია. თუ ადრე შეზღუდული რადიოსიხშირეების გამო არ არსებობდა საშუალება, რომ ყველა მსურველისთვის სიხშირული სპექტრი დაეთმოთ, ციფრული მაუწყებლობის წყალობით, ეს პრობლემა მოიხსნება. ამჟამად მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები და 17 ივნისიდან ქსელი ესპლუატაციაში შევა. კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ადგილობრივ, რეგიონულ მაუწყებლებსაც მიანიჭა სიხშირეები. დარჩა მხოლოდ რამდენიმე მაღალმთიანი რეგიონი და იქაც სამუშაოები 17 ივნისამდე დასრულდება. ასე რომ, 17 ივნისს მთელი საქართველო ციფრულ მაუწყებლობაზე გადავა.
- რა შეიცვლება ამ დღის შემდეგ ტელემაყურებლისთვის?
- აღნიშნული რეფორმა შეეხება მოსახლეობის მხოლოდ იმ ნაწილს, რომელიც მაუწყებლობას იღებს ღია ეთერით ანუ ჩვეულებრივი, ე.წ. სახლის ანტენით. ეს ანტენა რეგიონებში ხშირად სახურავებზე აქვთ დამონტაჟებული, ხოლო იმათთვის, ვისაც საკაბელო ან ინტერნეტტელევიზია აქვს ჩართული, მაგალითად, "სილქნეტი", "კავკასუს ონლაინი", "მაგთისატი", ან თანამგზავრული თეფშით სარგებლობენ, არაფერი შეიცვლება. ისინი როგორც იღებენ ტელემაუწყებლობას, 17 ივნისის შემდეგაც ასევე მიიღებენ. მოსახლეობის იმ ნაწილს კი, რომელიც ჩვეულებრივი ანტენით სარგებლობს, ე.წ. სეთ-თოფ ბოქსების ყიდვა დასჭირდება.