საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა მოადგილეები დღეს წარადგინა. მინისტრის ახალ მოადგილეს, დავით ებრალიძეს ქონებრივი დეკლარაცია ფინანსთა სამინისტროდან წამოსვლის შემდეგ, 2013 წელს აქვს შევსებული.
დეკლარაციის მიხედვით, ებრალიძე ფლობს 105.00 კვ.მ-ის ფართობის ბინას თბილისში, ედიშერ მაღალაშვილის ქუჩაზე და 30 კვ.მ-ის ბინას ბაკურიანში. ასევე, მის საკუთრებაშია მიწის ნაკვეთი მცხეთაში, ზაჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომლის ფართობიც - 5000.00 კვ.მ.-ია.
გარდა ამისა, მისი მეუღლის, მედეა ქვრივიშვილის საკუთრებაშია 330.00 კვ.მ-ის ფართობის ბინა თბილისში, რამიშვილის ქუჩაზე.
ოჯახი ასევე ფლობს ორ ავტოფარეხს - მედეა ქვრივიშვილის საკუთრებაშია ავტოფარეხი რამიშვილის ქუჩაზე, რომლის ფართობი - 32.00 კვ.მ.-ია, ხოლო დავით ებრალიძის საკუთრებაშია 15.00 კვ.მ.-ის ფართობის ავტოფარეხი ედიშერ მაღალაშვილის ქუჩაზე.
დეკლარაციის შევსების მომენტში, დავით ებრალიძის მეუღლის საკუთრებაში იყო მსუბუქი ავტომანქანა "ჰიუნდაი" (გამოშვების თარიღი 2010).
რაც შეეხება მინისტრის მოადგილის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსებისას, მისი საბანკო ანგარიშები ასე გამოიყურებოდა:
"რესპუბლიკა" ბანკში ებრალიძის მიმდინარე ანგარიშზე 10000.00 დოლარი იყო, "ბაზის ბანკის" მიმდინარე ანგარიშზე 4000.00 ლარი, ხოლო "თი-ბი-სი ბანკის" სახელფასო ანგარიშზე 6950.00 ლარი.
რაც შეეხება მისი მეუღლის ფინანსურ მდგომარეობას, მედეა ქვრივიშვილის მიმდინარე ანგარიშზე "რესპუბლიკა ბანკში" 13 793.00 დოლარი, "რესპუბლიკა ბანკის" მიმდინარე ანგარიშზე 1 586.00 ევრო, ხოლო, "რესპუბლიკა ბანკის" მიმდინარე ანგარიშზე 5300.00 ლარი იყო.
გარდა ამისა, დეკლარაციის შევსებისას, დავით ებრალიძეს ნაღდი ფულის სახით 65000.00 დოლარი ჰქონდა.
დეკლარაციაში ასევე აღნიშნულია, რომ დავით ებრალიძე სამეწარმეო საქმიანობას ეწეოდა, საიდანაც ფინანსური შემოსავლებიც აქვს მიღებული.
კერძოდ, დავით ებრალიძეს შპს "ებრალიძე და კომპანიიდან" (საქართველო, თბილისი, ნ. რამიშვილის 5ბ) დირექტორობის პერიოდში 2900.00 ლარი აქვს მიღებული.