ქობულეთში დამწვარი სასტუმრო "არმაზის" მფლობელებმა ხანძრის შედეგად გარდაცვლილი ბავშვების ოჯახებს მიუსამძიმრეს და ტრაგედიის დეტალები გაიხსენეს. ოჯახის წევრები დღეს ბათუმში შეიკრიბნენ და მოსახლეობას მედიის საშუალებით მიმართეს, რომ თუ ვინმეს აქვს რაიმე ინფორმაცია ხანძრის დეტალებთან დაკავშირებით გამოძიებასთან ითანამშრომლოს და მიაწოდოს ობიექტური ინფორმაცია. ოჯახის წევრებმა ტრაგიკული შემთხვევის დეტალებზე საუბრის დროს ემოციები ვერ შეიკავეს და ბრიფინგის მიმდინარეობის დროს ატირდნენ. "ამბები.გე" გთავაზობთ ოჯახის წევრების, ახლობლებისა და ადვოკატის განცხადებებს:
მეზობელი:
სასტუმროს უკანა ნაწილი იწვოდა, მეზობლებმა უთხრეს სასტუმროს მეპატრონეებს, შევიდეთ და რაიმე გამოვიტანოთ, დოკუმენტები გექნებათ, ოქრო, ფული ან რაიმე ქონება. ჯემალ ართმელაძემ გვიღრიალა, რად მინდა ქონება და ცხოვრება, თუ ბავშვები არ იქნებიან ცოცხლებიო. ბიჭებმა 3 დივანი გამოიტანეს და გამწარებული ფეხებს ურტყამდა, შეიტანეთ დაიწვას, არაფერი არ მინდაო. სანამ მეხანძრე არ გადმოიხედავდა და არ გვანიშნებდა, რომ სამივე გარდაცვლილი იყო, ბოლომდე არ გვჯეროდა, რომ ბავშვებს რაღაც დაემართათ. ვფიქრობდით, რომ გაიქცნენ, რადგან შეეშინდათ ხანძრის და იმალებოდნენ.
ჯემალ ართმელაძე - სასტუმროს ერთ-ერთი მფლობელი
ანსამბლის წევრებმა თქვეს, სამი ბავშვი სათვალავში მაკლიაო, დავიწყეთ სირბილი და ძებნა. ბოლოს, რომ გავიგე ბავშვები დაიღუპნენო... მეც იქვე მინდოდა სიკვდილი, მერე არაფერი აღარ მახსოვს. ჩემი ვერც ერთი სიტყვა ვერ მიეშველება იმ წუხილის შენელებაში, რაც იმ ოჯახებს აქვთ. მეც იმათ რიგებში ვდგავარ, მთელი ჩემი ოჯახით. მინდა ერთი რამე ვთქვა, ყველა ადამიანმა, ვინც რაიმე იცის ამის შესახებ, საკუთარი თავის და უფლის წინაშე უნდა იყოს მართალი და დაეხმაროს გამოძიებას. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ადამიანები არ ვიქნებით. იმედია, რომ ყველა იტყვის სიმართლეს და დადგინდება ამ საქმის ყველა დეტალი, გამოძიება დაადგენს თუ ვინ როგორ იმოქმედა და რა გააკეთა. 25 წელია ვმუშაობთ და სახელის მოპოვებას დიდი დრო ჭირდება. მხოლოდ იმას არ აქვს მნიშვნელობა, როგორი ლოგინი გაქვს, იქ არის ბევრი ნიუანსი. გოგი მარღანია 10 წლის განმავლობაში დადიოდა ჩვენთან. მათ აქ პრობლემები არასდროს ჰქონიათ. მე თავს არ ვიმართლებ, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ მომხდარის გამო.
ლია ართმელაძე - სასტუმროს ერთ-ერთი მფლობელი
ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ იმ ტრაგედიის გამო, რომელიც ჩემს ოჯახში დატრიალდა. არა მხოლოდ ჩემი ოჯახი და ახლობლები, მთელი ქობულეთი გამოვთქვამთ მწუხარებას. ჩვენი ერთადერთი მიზანია ის, რომ ამ ტრაგედიის შესახებ, რომელსაც 3 ბავშვის სიკვდილი მოყვა, გაირკვეს ყველა დეტალი. ყველა პირს, თუკი ვინმეს რაიმე ინფორმაცია გააჩნია, ვთხოვ, მოვიდეს და თქვას მხოლოდ და მხოლოდ სიმართლე, ეს ჩვენი მოქალაქეობრივი ვალია.
პაატა შავაძე - ოჯახის ადვოკატი
არ შეიძლება ეს ტრაგედია აღვიქვათ განზრახ ქმედებად. ოჯახი არის ძალიან დათრგუნული და მორალურად განადგურებული. არაფერს ვამბობთ მატერიალურ ზარალზე, მათ სამ საათში მთელი ცხოვრება დაენგრათ თავზე, მაგრამ ნიშანდობლივია, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან არავის მოუკითხავს თუ რით იკვებებიან, რას იცვამენ და როგორ არსებობენ. თითქოს წარმოგვიდგინეს განზრახ მკვლელობა, ყველას მოვუწოდებ თავი შეიკავონ უსაფუძვლო განცხადებებისგან. გამოძიება მიმდინარეობს ინტენსიურად, ჩვენ გვყავს მოწმეები, რომლებიც ცალსახად დაადასტურებენ იმ მნიშვნელოვან დეტალებს, რომ ბავშვები ჩაკეტილნი იყვნენ ოთახში. თუ ვინ ჩაკეტა ისინი, ამას გამოძიება დაადგენს. ჩვენ დანიშნული გვაქვს ექსპერტიზა, რომელიც დადებს დასკვნას საქმესთან დაკავშირებით და დადგინდება, თუ რამ გამოიწვია ხანძარი. გამოჩნდა, რომ ჩვენ გვყავს, უნიათო ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურები, ისინი არ არიან მზად კრიტიკული სიტუაციების დროს. გამგეობას მოვუწოდებ, ოჯახს მიაქციონ ყურადღება.
ნინო ხოზრევანიძე
AMBEBI.GE