უახლოეს მომავალში ლარის კურსის გამყარება უნდა დაიწყოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ვიცე პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განუცხადა.
მისი თქმით, ყველაზე დიდი გამოწვევა, რაც ხელისუფლებას გააჩნია, ეს არის ლარის დევალვაცია. კალაძის განცხადებით, ხელისუფლება ამ მიმართულებით ბევრს მუშაობს, გარკვეული ღონისძიებები გატარდა და სავარაუდოდ უახლოეს მომავალში ლარის კურსის გამყარება უნდა დაიწყოს. ვიცე პრემიერი მიიჩნევს, რომ ამისთვის ყველანაირი საფუძველი არსებობს.
"ჩვენ მოვისმინეთ ფინანსთა მინისტრის, ეკონომიკის მინისტრის, ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის კომენტარი ამ მიმართულებით და ვიმედოვნებთ, რომ ლარის კურსი გამყარდება. ამისათვის არის რამდენიმე მიმართულება. ეს არის უცხოელი ინვესტორების შემოსვლა ქვეყანაში. ეკონომიკის მინისტრისაგან მოვისმინეთ, რომ საპრივატიზაციოდ მომზადდა ობიექტები. ასევე, ვფიქრობ, ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი მთავრობასთან ერთად უნდა მუშაობდეს, რადგან მთავარი ბერკეტები ეროვნულ ბანკს გააჩნია, რათა ჩაერიოს ლარის კურსის გამყარებაში. ყველა ქვეყანაში ეროვნული ბანკის მხრიდან მოხდა ვალუტის გამაგრება. ასე იყო აზერბაიჯანში, თურქეთში, სომხეთში და ჩვენც არ უნდა შეგვეშინდეს ასეთი ღონისძიებების გატარება", - განაცხადა კახა კალაძემ,
მან კომენტარი გააკეთა მოსახლეობის გარკვეული ნაწილის სუბსიდირებასთან დაკავშირებით და განმარტა, რომ ტარიფის გაზრდის შემთხვევაში სახელმწიფოს მხრიდან მოხდება სოციალურად დაუცველთა მიზნობრივი სუბსიდირება, რისთვისაც მათ ჯანდაცვის სამინისტროდან ბაზები უკვე მიიღეს და მიმდინარეობს ამ კუთხით მუშაობა.
მინისტრი დღეს ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელ დირექტორს, დეიმონ ვილსონს შეხვდა. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმართა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს დეიმონ ვილსონმა განუცხადა, საუბარი იყო საქართველოს ენერგეტიკის განვითარებასა და ენერგოუსაფრთხოებაზე. მისივე თქმით, ენერგოუსაფრთხოება საქართველოს მომავალი უსაფრთხოებისა და ეკონომიკის განვითარების საფუძველია, ამიტომ მინისტრთან ჰქონდა საინტერესო მოლაპარაკებები, თუ როგორ შეიძლება ამ კუთხით განვითარდეს ქვეყანა.
თავის მხრივ ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ენერგეტიკაში მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება, რათა საქართველო ენერგეტიკულად დამოუკიდებელი ქვეყანა გახდეს.
"საქართველოს მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მდებარეობა აქვს რეგიონში. ჩვენ მონაწილეობას ვიღებთ ისეთ პროექტებში, როგორიც არის "შაჰდენიზის" მეორე ფაზა, რომლის მშენებლობა დაიწყო და პროექტის დასრულების შემდეგ საქართველოში 2 მილიარდი დოლარი იქნება დახარჯული. ჩვენ გვექნება საშუალება დამატებით მივიღოთ ბუნებრივი აირი და ასევე ევროპის ქვეყნებს ექნება საშუალება ისარგებლონ დამატებით გაზით. რა თქმა უნდა საქართველომ უკვე დაამტკიცა, რომ როგორც ევროპისთვის, ასევე ამერიკისთვის სანდო პარტნიორი ქვეყანა ვართ და მომავალშიც გავაგრძელებთ ამ პროცესში მონაწილეობას", - აღნიშნა კალაძემ.
კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას კომენტარი გააკეთა ფორუმთან დაკავშირებითაც, რომელიც ხვალ უნდა გაიხსნას. მისი თქმით, თბილისს 60-მდე ქვეყნის მაღალი რანგის დელეგაცია, ასევე 1 500-მდე სხვადასხვა ბიზნესის წარმომადგენელი ესტუმრება. კალაძე მიიჩნევს, რომ ფორუმი ხელს შეუწყობს ქვეყნის პოპულარიზაციას, კომპანიებსა და ბიზნესნმენებს გააცნობენ ისეთ კონკრეტულ პროექტებს, რომელიც არა მხოლოდ ენერგეტიკული მიმართულებით გააჩნია საქართველოს მთავრობას.