ქობულეთში, სასტუმრო "არმაზში" ხანძრის მიზეზების შესწავლის მიზნით, თბილისიდან ექსპერტ-კრიმინალისტებს ელოდებიან. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, დღეს დილიდან შენობაში შესვლა აკრძალულია და დამწვარ სასტუმროს პოლიციელები იცავენ.
ექსპერტ-კრიმინალისტებმა შესაბამისი სამუშაოები სასტუმროს დაწვისთანავე ჩაატარეს, თუმცა არსებული ინფორმაციით, ისინი შენობას გარკვეული დეტალების დასაზუსტებლად ისევ დაათვალიერებენ.
ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე სასტუმრო "არმაზი" 10 ივნისს, გამთენიისას დაიწვა. სასტუმროში რუსთავის ქორეოგრაფიული ანსამბლის "სიხარული 2"-ის წევრები იმყოფებოდნენ. ხანძრის დროს სასტუმროს ნომერში მყოფი სამი მოზარდი დაიღუპა. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.